ექვთიმე თაყაიშვილი - 8 აგვისტოში 2012 - ისტორია-HISTORY
ხუთშაბათი, 2016-12-08, 5:07 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » აგვისტო » 8 » ექვთიმე თაყაიშვილი
6:06 PM
ექვთიმე თაყაიშვილი

საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი – ასე უწოდა მადლიერმა შთამომავლობამ ექვთიმე თაყაიშვილს და მართლაც, როდესაც აღფრთოვანებით ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის მუზეუმებში დაცულ ეროვნულ საუნჯეზე,ბევრმა არ იცის,რომ ეს ექვთიმე თაყაიშვილის დამსახურებაა.დაიბადა იგი 1863 წლის 3 იანვარს,ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში,აზნაურის ოჯახში.ჯერ კიდევ სულ პატარას დაეღუპა მშობლები,თუმცა იმდენად ნიჭიერი იყო,რომ 1883 წელს წარმატებით დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და სწავლა გააგრძელა პეტერბურგის უნივერსტიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც 1887 წელს კანდიდატის ხარისხით დაამთავრა.დაკავებული იყო პედაგოგიური საქმიანობით: ასწავლიდა ბერძნულ და ლათინურ ენებს, ისტორიასა და გეოგრაფიას.მე-XIX საუკუნის 90-იან წლებში შეაგროვა და მეცნიერულად დაამუშავა საქართველოს სიძველეები.რადგან ამგვარი საქმიანობა ბევრ დროს მოითხოვდა,1904 წელს თავი დაანება ოფიციალურ სამსახურს და საარსებო წყარო რომ ჰქონოდა,გიმნაზიაში ისტორიას ასწავლიდა.1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა დააარსა საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება,რომლის პირველი თავმჯდომარე თავად იყო. ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების შესწავლის მიზნით თურქეთში სამი ექსპედიცია მოაწყო, რომლის მიზანი ქართული მონასტრების შესწავლა და აღწერა იყო.ივანე ჯავახიშვილთან ერთად 1918 წლის 26 იანვარს ექვთიმე თაყაიშვილმა დააარსა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იგი იყო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი და არქეოლოგიური კათედრის გამგე.მაგრამ 1921 წელს იძულებული გახდა დაეტოვებინა კომუნისტური ხელისუფლების მიერ ანექსირებული საქართველო და წასულიყო ემიგრაციაში.
დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე და ამავე დროს საქართველოს მუზეუმების ზედამხედველი, ექვთიმე ხაზინის ქონებასთან ერთად საფრანგეთში მეთვალყურეობდა საქართველოს მენშევიკური მთავრობის მიერ გატანილ სამუზეუმო განძეულს.განძეულის დაცვა მეტად რთული საქმე აღმოჩნდა. ჯერ იყო და საფრანგეთის მთავრობამ გააუქმა საქართველოს მენშევიკური მთავრობის ლეგიტიმურობა, შემდეგ სალომე დადიანმა,პარიზის სასამართლოში ორჯერ აღძრა საქმე ექვთიმე თაყაიშვილის წინააღმდეგ საგანძურის ვითომდა მისი კუთვნილი წილის ჩამორთმევის მიზნით.მეორე მსოფლიო ომის დროს კი,უკვე ნაცისტებმა მოინდომეს ვერსალის ბანკში დაცული საქართველოს განძის ხელში ჩაგდება.დრო არ ითმენდა,განძეულს ოკუპირებული პარიზიდან ვერ გაიტანდნენ, ამიტომ გადაწყდა,ძვირფასეულობა სარდაფში ჩაეტანათ და ყუთებისთვის ზემოდან სამშენებლო ნაგავი დაეყარათ. ომის პერიოდში მოხუცი პროფესორი არამარტო განძეულს მეთვალყურეობდა, არამედ შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობას.
ემიგრაციაში მყოფი ქართველი მეცნიერი გამუდმებით ცდილობდა განძეულის საქართველოში დაბრუნებას, წერდა წერილებს საბჭოთა საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებს, მაგრამ ამაოდ. ექვთიმე თაყაიშვილი თავის მოგონებებში წერს:გერმანელების მიერ საფრანგეთის აღების შემდეგ მუდმივ შიშსა და ტერორში ვიყავი.აღარც საარსებო საშუალება მქონდა.ასეთი გაჭირვების მიუხედავად არამც თუ სახელმწიფო ნივთი, არამედ ჩემი საკუთარი ისტორიული ნივთებიც არ გამიყიდია.თუმცა,მქონდა ისეთი ნუმიზმატიკური ერთეულები, რომ შემეძლო გავმდიდრებულიყავი… დაწყევლილი მყავდა ყოველი ქართველი, რომელიც ისტორიულ ნივთს სამშობლოს დაუკარგავდა, გამოცხადებული მქონდა, რომ ასეთი ნივთი ჯერ ჩემთან უნდა მოეტანათ და თუ ვერ შევიძენდი, მფლობელს მხოლოდ მაშინ შეეძლო მისი უცხოელზე გაყიდვა.1944 წლიდან საფრანგეთის დროებითი მთავრობის სათავეში დეგოლის მოსვლისთანავე აღდგა დიპლომატიური ურთიერთობები საფრანგეთისა და საბჭოთა კავშირის მთავრობებს შორის. საბჭოთა კავშირის ელჩს საფრანგეთში, ბოგომოლოვს დავალებული ჰქონდა მოეგვარებინა სამუზეუმო განძეულის საქართველოში დაბრუნების საკითხი.1944 წელს მოსკოვში ვიზიტამდე დეგოლმა სხვადასხვა არხით გაარკვია თუ რა ჩაეთვლებოდა სტალინთან შეხვედრისას დადებითად და მოსკოვში გამგზავრებამდე გასცა ბრძანება მოეხსნათ ყადაღა ქართული განძისთვის და დაებრუნებინათ იგი საქართველოსთვის.ექვთიმე თაყაიშვილის ჯანმრთელობამ ვეღარ გაუძლო ცივ და ნესტიან საცავში,ზოგჯერ ლუკმა-პურის გარეშე ხანგრძლივ მუშაობას და სწორედ ამ დროს ფილტვების ანთებით დაავადდა. მის დასახმარებლად საქართველოდან შალვა ამირანაშვილი ჩავიდა და განძის გასამგზავრებლად ჩალაგებაში დაეხმარა. ექვთიმე თაყაიშვილს ერთადერთი სათხოვარი ჰქონდა საბჭოთა ხელისუფლებასთან:შილიფად ვარ, და გთხოვთ სამოსი გამომიგზავნოთო.ექვთიმემ თავის დროზე მოიგერია როგორც ამერიკის მუზეუმის,ისე ინგლისელთა შემოტევა განძის ნაწილის შეძენის შესახებ.გაუძლო ყოველგვარ და ყოველმხრივ ზეწოლას და ჯანმრთელობაშელახული, მხცოვანი მეცნიერი 1945 წლის 5 აპრილს თვითმფრინავით გამოემგზავრა საქართველოში უკლებლივ ყველა ექსპონატთან ერთად.თვითმფრინავი რომის,ბენ-ღაზის,კაიროს და თეირანის გავლით 11 აპრილს ჩამოფრინდა თბილისში.საზოგადოება დიდი პატივით,მოწიწებითა და მადლიერებით შეხვდა ეროვნული განძის მცველს.სამშობლოში დაბრუნებამ ოთხმოც წელს გადაცილებულ მეცნიერს ენერგია გაუორკეცა. საქართველოში გატარებული რვა წლის განმავლობაში ექვთიმემ იმდენი საქმის გაკეთება მოასწრო,რომ ერთი სოლიდური მეცნიერის სიცოცხლეს ეყოფოდა.ვერცერთი ქართველოლოგი ვერ აუვლის გვერდს მის ნაშრომებს საქართველოს ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, ეპიგრაფიკის, ნუმიზმატიკის, ფილოლოგიის, რუსთველოლოგიის, ფოლკლორისტიკისა და ლინგვისტიკის სფეროში. საბჭოთა ხელისუფლება შეაშფოთა ექვთიმეს ასეთმა პოპულარობამ.სიცოცხლის ბოლო პერიოდი მან შინაპატიმრობაში გაატარა.დააპატიმრეს მისი ერთადერთი ქალიშვილი. მასთან მხოლოდ რამდენიმე უახლოესი ადამიანი თუ ბედავდა მისვლას.როდესაც ექვთიმე თაყაიშვილი გარდაიცვალა, მის სახლთან ჩეკისტები იდგნენ და ხალხს პანაშვიდზე შესვლას უშლიდნენ.პროფესორის დაკრძალვას 1953 წლის მარტის ცივ და ქარიან დღეს, ვაკის სასაფლაოზე 50-მდე ადამიანი დაესწრო.ჩვენმა ეკლესიამ კი ეს უდიდესი ქართველი წმინდანად შერაცხა და მას - წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა.
1963 წელს ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით, მისი ნეშტი ვაკიდან დიდუბის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს, იქვე გადმოასვენეს მისი საფრანგეთში გარდაცვლილი მეუღლის, ნინო პოლტორაცკაიას ნეშტიც. დღეს მისი სახელი ჰქვია ერთ–ერთ ქუჩას ვაკეში, ვერის ბაღში დგას მოქანდაკე ბ. ავალიშვილის მიერ შესრულებული ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი.
2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა და მას სახელად „წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი" უწოდა. 2003 წლის მაისში თბილისში მისი სახლ-მუზეუმი და სამლოცველო გაიხსნა. ექვთიმე ღვთისკაცის ხსენების დღედ დაწესდა 3 იანვარი.
კატეგორია: დიდი ქართველი მწერლები და მოღვაწეები | ნანახია: 274 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013