"ღირსი" გიორგი ჭყონდიდელი - 8 აგვისტოში 2012 - ისტორია-HISTORY
შაბათი, 2016-12-10, 9:56 AM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » აგვისტო » 8 » "ღირსი" გიორგი ჭყონდიდელი
12:33 PM
"ღირსი" გიორგი ჭყონდიდელი

"ღირსი" გიორგი ჭყონდიდელი საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ წმინდანად იქნა შერაცხილი და მას მისი უდიდესი დამსახურების გამო,როგორც საერო,ასევე საეკლესიო ცხოვრების გამო "ღირსი" უწოდა.დაიბადა XI საუკუნის პირველ ნახევარში,არის ვარაუდი,რომ გიორგი სამეგრელოს მთავართა გვარის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო.საქართველოს ისტორიაში გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს განსაკუთრებული ადგილი უკავია.ძნელია ვისაუბროთ დავით IV აღმაშენებლის ეპოქაზე,ამ დროს განხორციელებულ სახელმწიფოებრივ რეფორმებზე,საქართველოს გაერთიანებაზე,რომ გიორგი ჭყონდიდელის ღვაწლი სათანადოდ არ აღინიშნოს.
იმ მწირი ცნობების კვალობაზეც კი,რაც გიორგი მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელის შესახებაა ჩვენს წერილობით წყაროებში,იგი საკმაოდ მასშტაბურ პოლიტიკურ მოღვაწედ წარმოჩინდება.როგორც დავით აღმაშენებლის მემატიანე,ისე რუის-ურბნისის საეკლესიო კრების "ძეგლისწერის" ავტორი ისეთი სითბოთი და სიყვარულით იხსენიებენ მას,ამ რამდენიმე მინიშნებითაც კი აშკარაა,რა როლს ასრულებდა იგი XI-XII საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში.ავტორი მატიანისა "ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი" გვამცნობს,რომ გიორგი იყო "თანა-აღზრდილი (პატრონთა),აღმზრდელი პატრონისა და თანა-განმკაფელი ყოველთა გზათა".ეს სიტყვები ნათლად მიუთითებენ,რომ გიორგი და დავითი ერთი თაობისანი უნდა ყოფილიყვნენ.იქნებ ამიტომაც მემატიანე მას მეფესთან "თანააღზრდილს" უწოდებს.მთელი სიცოცხლის მანძილზე გიორგისა და დავითს უანგარო სიყვარული და ერთგულება ჰქონდათ ერთურთისა.ასეთი ურთიერთობა ერთ და ორ წელიწადში არ ყალიბდება.ამას დრო სჭირდება და იქნებ ამიტომაც აღნიშნავს მემატიანე.გარდა "თანააღზრდილისა",გიორგი იყო დავითის "თანა-განმკაფელი ყოველთა გზათა".
წყაროებიდან აშკარად ჩანს,რომ გიორგი ჭყონდიდელი დავით აღმაშენებლის ყველა ღონისძიების მონაწილე და ერთ-ერთი წარმართველია.ამიტომ მემატიანე ხასგასმით აღნიშნავს: გიორგი ჭყონდიდელი დავითის "ყოველთა გზათა და საქმეთა და ღვაწლთა" მოზიარე იყოო.დავით აღმაშენებელი პრინციპული,ენერგიული,შეუპოვარი პოლიტიკოსი გახლდათ.მხოლოდ ასეთ ადამიანს შეეძლო მტერთაგან აოხრებული,გაჩანაგებული ქვეყანა აზიაში ერთ-ერთ დიდ სახელმწიფოდ ექცია.დავითის გვერდით მოღვაწე გიორგი ენერგიული და მიზანმიმართული პიროვნება ჩანს.აღმაშენელის ისტორიკოსის თქმით,გიორგი იყო "კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და ხორცთათა,სავსე სიბრძნითა და გონიერებითა,განმზრახი,სვიანი და ფრთხილი".აქ მემატიანის ერთ მნიშვნელოვან მინიშნებას მივაქცევთ.იგი გიორგის "ფრთხილს" უწოდებს.როგორც ჩანს,ჭყონდიდელი საკმაოდ ზომიერი პოლიტიკოსი ყოფილა,რომლისთვისაც უცხო იყო სიფიცხე,სიცქარე.ეს დეტალი საკმაოდ მნიშვნელოვანი ნიშნით ავსებს გიორგის პოლიტიკურ პორტრეტს.გიორგი პირველად რუის-ურბნისის საეკლესიო კრების "ძეგლისწერაში" იხსენიება.მართალია,ამ დოკუმენტის ბოლოში დართულ საერო პირთა ჩამონათვალში გიორგი ბერი მხოლოდ მეშვიდედ მოიხსენიება,მაგრამ ამ ორ წინადადებაშიც კარგად ჩანს მისი გამორჩეული ღვაწლი."ღირსისა მეუფისა ჩუენისა და თვალად წმიდისა ამის კრებისა ცნობილისა გიორგი მონაზონისა და მწიგნობართა უხუცესისა მრავალმცა არიან წელნი", - აღნიშნულია "ძეგლისწერაში".რუის-ურბნისის საეკლესიო კრება უდიდესი მოვლენა იყო ქართული ეკლესიის ცხოვრებაში.XI-ის მეორე ნახევარში საქართველოში შექმნილმა მძიმე საშინაო და საგარეო პოლიტიკურმა ვითარებამ თავისი უარყოფითი კვალი დაამჩნია საქართველოს დედა ეკლესიას.მემატიანის თქმით "წმიდანი ეკლესიანი სახლნი ღმრთისანი,ქვაბ-ავაზაკთა" ბუდედ ქცეულიყო.საეკლესიო თანამდებობები "უღირსთა და უწესოთა... დაიპყრნეს".საჭირო იყო დიდი გარდაქმნების მოხდენა ეკლესიაში და ეს ადვილი საქმე არ იქნებოდა.ვინაიდან მეფე და მისი ერთგული თანამებრძოლები უღირს საეკლესიო პირთაგან დიდ წინააღმდეგობას წააწყდებოდნენ.მაგრამ მეფის გვერდით იდგნენ სასულიერო პირთა მთელი დასი გიორგის ხელმძღვანელობით,რომლებიც საქართველოს ეკლესიის მომავალზე ფიქრობდა.მათ ეკლესიის საფუძვლიანი გარდაქმნა და ქვეყნის სამსახურში ჩაყენება გადაწყვიტეს.ამ საქმეში მეფის გვერდით უპირატესად გიორგის ვხედავთ.შემთხვევითი არ უნდა იყოს თანამედროვეთაგან გიორგის "თვალად... კრებისად" მოხსენიება.ეს გვაფიქრებინებს,რომ რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე გატარებული რეფორმების ერთ-ერთი მოთავე სწორედ გიორგი უნდა ყოფილიყო.აღმაშენებლის სახელმწიფოებრივი რეფორმები ყველა სფეროს შეეხო - სამხედროს,საეკლესიოს,ადმინისტრაციულს,კულტურულს... თითქმის ყველა ამ საქმეში გიორგი,როგორც ითქვა,მეფის გვერდითაა.1104 წელს რუის-ურბნისის კრების პერიოდში,ჭყონდიდელი მხოლოდ მწიგნობართუხუცესია.1110 წელს კი მემატიანე მას მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის პატივით იხსენიებს.ამ ორი ფაქტის შეპირისპირების საფუძველზე ისტორიკოსები ფიქრობენ,რომ დავითის მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის ინსტიტუტი 1103-1110 წლებში უნდა დაეწესებინა.მაგრამ უფრო დამაჯერებლად ჩანს როინ მეტრეველის ვარაუდი,რომ ეს თანამდებობა 1104-11105 წლებში დაწესდა.
დავით აღმაშენებელმა მაღალი საეკლესიო და საერო თანამდებობები გააერთიანა.ამ დროს ჭყონდიდელი ანუ ჭყონდიდის (დღევანდელი მარტვილის რაიონი) ეპისკოპოსი უკვე გავლენიანი საეკლესიო იერარქია.თავის მხრივ სამეფო კარზე დიდი გავლენა ჰქონდა მეფის პირადი კანცელარიის ანუ სამდივნოს ხელმძღვანელს მწიგნობართუხუცესსაც.ამ ორი სახელოს (თანამდებობის) გაერთიანებით გაჩნდა ეგრეთწოდებული პირველი კანცლერის თანამდებობა.ეს გახლდათ პირველი ვაზირი,რომელიც დიდი უფლებებით იყო აღჭურვილი.XIV-ე საუკუნის ძეგლში "ხელმწიფის კარის გარიგებაში" მწიგნობარტუხუცეს-ჭყონდიდელის შესახებ ნათქვამია,რომ იგი "მამ არს მეფისა".ეს თვალნათლივ მიუთითებს სამეფო კარზე ამ ინსტიტუტის განუზომელ ფუნქციაზე.ახალი თანამდებობის პირველი მფლობელი დავითის უერთგულესი თანამებრძოლი გიორგი ბერი გახდა.ალბათ,გიორგის გამორჩეულმა პიროვნულმა თვისებებმა მისცა ბიძგი საქართველოს მეფეს,ასეთი გადაწყვეტილება მიეღო.შემდგომში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო,რომ დავით აღმაშენებელი არჩევანში ნამდვილად არ შემცდარა.
გიორგი ჭყონდიდელი სასულიერო პირი იყო,მაგრამ აქტიურად ერეოდა ქვეყნის სამხედრო საქმიანობაში.სწორედ მასზე სეიძლება ითქვას,რომ ლოცვითა და ხმლით ცდილობდა საქართველოს გაერთიანებას და გაძლიერებას.მის სახელტანაა დაკავშირებული ისეთი უმნიშვნელოვანესი ციხეების აგება,როგორიც იყო სამშვილდე და რუსთავი.
ლეონტი მროველის მიხედვით სამშვილდის ციხე ქართლოსს აუშენებია.ფარნავაზის დროს იგი საერისთავოს ცენტრი ხდება.არაბთა მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ,თბილისის საამიროს შემადგენლობაში შედიოდა.X საუკუნის 60-იან წლებში სამშვილდეს დროებით ბაგრატ IV დაეპატრონა,მაგრამ თურქ-სელჩუკთა შემოსევების დროს საქართველოს სამეფო კარმა ვერ მოახერხა სამშვილდის შენარჩუნება.ამ ციხე-ქალაქს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭებოდა,რადგან მასზე გადიოდა ამიერკავკასიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო მაგისტრალი.გარდა ამისა,სამშვილდე საკმაოდ ძლიერი საფორტიფიკაციო ნაგებობა იყო და აუღებელ ციხეთა რიცხვს მიეკუთვნებოდა.იგი მდებარეობდა მდინარეების ჭივჭავისა და ხრამის (ქცია) შესართავთან არსებულ სოლისებრ კონცხზე.ორი მხრიდან დაცული იყო საკმაო ღრმა ხრამით,შიგ შესვლა მხოლოდ ერთი მხრიდან იყო შესაძლებელი და ეს მხარეც მასიური კედლით იყო შემოზღუდული.სამშვილდის ასეთი სტრატეგიული მდებარეობის გამო მისი აღების ოპერაცია სამეფო კარმა საგანგებოდ დაგეგმა.კარგა ხანს ეს გეგმა საიდუმლოდ ინახებოდა.მისთვის გიორგი ჭყონდიდელს უნდა ეხელმძღვანელა.გეგმის მიხედვით აღმაშენებელი აფხაზეთსი გადავიდა,რათა მტრის ყურადღება მოედუნებინა.ამასობაში გიორგის თაოსნობით ფარულად შეიკრიბნენ თევდორე კლდეკარის ერისთავი,აბულეთ და იოვანე ორბელები და სამშვილდე გარემოიცვეს.ქალაქში მყოფი მოკავშირეების მეშვეობით ქართველებმა მალე მოახერხეს ამ აუღებელი ციხესიმაგრის დაკავება.დავითის ისტორიკოსი ხატოვნად აღნიშნავს,რომ ქართველაბმა "მოიპარეს სამშვილდე".თურქ-სელჩუკებისთვის ისე სემაძრწუნებელი იყო სამშვილდის დაკარგვა,მათ ქვემო ქართლის არა ერთი ციხე მიატოვეს."ცნეს რა ტურქთა აღება სამშვილდისა,უმრავლესნი ციხენი სომხითისანი დაუტევეს და ღამე მეოტ იქმნსეს,ხოლო ჩვენ თანა მოითვალნეს იგინი".ეს ამბავი 1110 წელს მოხდა.ხუთი წლის შემდეგ ჭყონდიდელმა რუსთავის ციხეც შემოუმტკიცა საქართველოს.ქალაქი რუსთავი ოდითგანვე დიდ როლს თამაშობდა საქართველოს პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაში.თბილისიდან აღმოსავლეთ ამიერკავკასიისკენ მიმავალი ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო გზა სწორედ რუსთავზე გადიოდა.ამასთანავე რუსთავის ციხე თბილისის აღმოსავლეთის კარიბჭე იყო.სამეფო კარმა შესანიშნავად უწყოდა რუსთავის მნიშვნელობა და ამიტომაც თბილისის აღებამდე,დავითი ამ ქალაქის შემომტკიცებას შეეცადა.მეფემ ეს სამხედრო ოპერაციაც გიორგის მიანდო.ამჯერადაც,ქართველებმა სამხედრო ხრიკს მიმართეს,დავითი მუხრანში იმყოფებოდა,საბრძოლო მოქმედებისაგან მოშორებით,საფიქრებელია,მტრის ყურადღების მოსადუნებლად.ქართველებმა ადვილად დაიკავეს რუსთავის ციხე და კიდევ ერთი სერიოზული დარტყმა აგემეს მომთაბარე თურქ-სელჩუკებს.ამ ორი სტრატეგიული ციხე-ქალაქის ხელში ჩაგდებით საქართველოს სამეფო კარმა უდიდეს წარმატებას მიაღწია.შემთხვევითი არ არის,რომ ამ პროცესების ერთ-ერთი მონაწილე და მეთაური გიორგი ჭყონდიდელია.
მსოფლიო ისტორიაში ბევრი შემთხვევა არ არის,როდესაც მეფე და მისი პირველი ვეზირი ასე ენდობოდნენ ერთმანეთს და თავიანთი საქმიანობით ასე ავსებდნენ ერთმანეთს.გიორგი აქტიურად იყო ჩაბმული ყივჩაღთა ჩამოსახლების საქმეშიც.იგი დავითთან ერთად მიემგზავრება ოსეტში ადგილობრივ მეფეებთან მოსალაპარაკებლად,რათა მათ ყივჩაღებისთვის საქართველოში გადმოსასვლელი გზა მიეცათ.სამწუხაროდ,გიორგისათვის ეს მოგზაურობა უკანასკნელი აღმოჩნდა.ოსეთში ყოფნის დროს 1118 წელს უეცრად გარდაიცვალა.
საქართველომ ერთგული შვილი და მოღვაწე დაკარგა,მაგრამ ყველაზე დიდი დანაკლისი მაინც დავით მეფემ განიცადა.გვერდით აღარ ჰყავდა თანამებრძოლი და უდიდესი დასაყრდენი.ამიტომაც ყველაზე მეტად სწორედ მან იგლოვა და ორმოცი დღის განმავლობაში სავები არ გაუხდია,მთელს სამეფოშიც გლოვა გამოაცხადა.გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი დიდი პატივით წამოასვენეს და გელათის მონასტერში დაკრძალეს.გიორგი ჭყონდიდელის სრული ნათელი სურათი დაგვიხატა თავის გენიალურ რომანში "დავით აღმაშენებელი" დიდმა კონსტანტინე გამსახურდია.ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ კი მისი ხსენების დღედ ახალი სტილით 25 სექტემბერი დააგინა (ძველი სტილით 12 სექტემბერი).ღმერთმა უმრავლოს საქართველოს ასეთი ღირსეული შვილები,აკი წმინდა ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მას "ღირსი" უწოდა.
კატეგორია: დიდი ქართველი მწერლები და მოღვაწეები | ნანახია: 279 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013