ქეთევან დედოფალი (1570-1624) - 7 იანვარს 2011 - ისტორია-HISTORY
ხუთშაბათი, 2016-12-08, 5:04 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2011 » იანვარი » 7 » ქეთევან დედოფალი (1570-1624)
7:43 PM
ქეთევან დედოფალი (1570-1624)


 


კახეთის მეფის დავით I-ის მეუღლე, თემურაზ I-ის დედა, საქართველოს ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე 13/26 სექტემბერი






ქეთევან დედოფალი აშოთან მუხრანბატონის, თავისი დროის ცნობილი მოღვაწის, ასული და დავითის, ალექსანდრე კახთა მეფის ძის მეუღლე იყო. ენერგიულ და მტკიცე დედოფლს მოღვაწეობა უაღრესად რთულ პოლიტიკურ ვითარებაში მოუხდა. XVI ს.-ის ბოლოსათვის კახეთი სამი დიდი სახელმწიფოს - ირანის, ოსმალეთისა და რუსეთის ვასალი იყო, რაც ერთხანს სამეფოში მშვიდობას უზრუნველყოფდა. ეს უპირველესად ნიჭიერი და ალღოიანი სახელმწიფო მოღვაწის ალექსანდრე II-ის მოქნილი პოლიტიკის წყალობით გახდა შესაძლებელი.

XVII საუკუნის დასაწყისში გართულდა შინაპოლიტიკური ვითარება კახეთში, გაძლიერდა ბრძოლა ბატონიშვილებს _ დავითსა და გიორგის და მათ მომხრეთა შორის. დავითმა ბევრი უბედურება დაატეხა სამეფო ოჯახს, იგი მკაცრად გაუსწორდა გიორგისა და ალექსანდრეს მომხრეებს და ტახტი დაიპყრო, რისთვისაც ალექსანდრემ დაწყევლა მოძალადე შვილი.

1602 წელს დავითი გარდაიცვალა და ალექსანდრემ დაიბრუნა ტახტი. მან განაახლა ადრე დაწყებული დიპლომატიური მოლაპარაკებები რუსეთთან. ამ პერიოდში შაჰ-აბასმა ომი გამოუცხადა ოსმალეთს, შეუტია სეპარატისტ ფეოდალებს და დიდ წარმატებას მიაღწია ქვეყნის ცენტრალიზაციისათვის ბრძოლაში. მას არ გამოჰპარვია კახეთის სამეფო ოჯახის წევრთა სწრაფვა – ახლო დიპლომატიური ურთიერთობა დაემყარებინათ რუსეთთან (1602 წ.-ს დადებული ერთგულების ფიცი) და ალექსანდრეს უმცროსი ვაჟის, გამაჰმადიანებული კონსტანტინე-მირზას საშუალებით ალექსანდრეზე შურისძიება დაგეგმა. შაჰის ფარული ბრძანებით, ქვეყნისა და მამის მოღალატე კონსტანტინემ 1605 წელს რუსეთის ელჩებთან შეხვედრის დაწყებამდე დახოცა ალექსანდრე და გიორგი და მათი მოჭრილი თავები შაჰ-აბასს გაუგზავნა. ასე გამეფდა კონსტანტინე კახეთში. მან თავის რძალს ქეთევანს ცოლობა სთხოვა. დედოფალი სათავეში ჩაუდგა კონსტანტინეს წინააღმდეგ ბრძოლას. ქართველმა შეთქმულებმა იგი ირან-ოსმალეთის საომარი მოქმედებების დროს, ქალაქ შემახასთან მოკლეს.

1606 წელს ქეთევან დედოფალმა ირანის შაჰს კახეთის მეფედ თავისი ვაჟის თეიმურაზის (თეიმურაზ I) დამტკიცება სთხოვა ქრისტიანობით, რაზედაც შაჰი დათანხმდა. ეს დროებითი უკანდახევა იყო შაჰის მხრიდან, რადგან ამ დროს შაჰი ოსმალეთს ეომებოდა. თეიმურაზი ამ დროს 16 წლის იყო და ქვეყანას ქეთევან დედოფალი მართავდა.

შაჰ-აბასმა განდევნა ოსმალები ქართლიდან და აქაც ქრისტიანი მეფე, 14 წლის ლუარსაბი დაამტკიცა. ოსმალებს ყიზილბაშები ჩაენაცვლნენ, ქართლ-კახეთის მეფეები კი ირანის ვასალებად რჩებოდნენ. თეიმურაზი ცდილობდა თავი აერიდებინა შაჰის ლაშქრობაში მონაწილეობისაგან ერევნის ციხესთან, რადგან წინდაწინ იცოდა, რომ შაჰი უკან არ გამოუშვებდა. სიტუაციის შესარბილებლად თეიმურაზმა ქეთევან დედოფალი გაუგზავნა შაჰს ათასკაციანი რაზმით, მაგარმ შაჰმა თეიმურაზს ეს საქციელი მაინც ღალატად ჩაუთვალა.

ოსმალეთთან დაზავების შემდეგ შაჰ-აბასმა ურჩი ქართველების დასჯა გადაწყვიტა. 1614 წლიდან დაწყებული 1617 წლის ჩათვლით, მან რამდენჯერმე ილაშქრა კახეთში. ამ ლაშქრობების დროს გამოუსწორებელი ზიანი მიადგა კახეთს. მან თავისი მოსახლეობის ორი მესამედი დაკარგა, ასი ათასამდე ტყვე ირანში გადაასახლეს, გაჩანაგდა მეურნეობა. შაჰმა თეიმურაზისგან მძევლები მოითხოვა. მეფე იძულებული იყო ირანში თავისი შვილები – ალექსანდრე, ლევანი და დედა _ ქეთევანი გაეგზავნა. ისინი ჯერ განჯას იყვნენ, შემდეგ კი აშრაფს. 1620 წელს სამეფო ოჯახის წევრები შირაზში გადაიყვანეს.

თეიმურაზი თავგანწირვით ებრძოდა შაჰ-აბასს. იგი მოკავშირეებს ხან ოსმალეთში, ხან რუსეთში ეძებდა. ამით აღშფოთებულმა შაჰმა სასტიკად იძია შური ურჩი ვასალის ოჯახის წევრებზე – ლევანი და ალექსანდრე დაასაჭურისა, რის შედეგადაც უმცროსი ვაჟი გარდაიცვალა, უფროსი კი ჭკუიდან შეიშალა.

დედოფალმა თერთმეტი წელი გაატარა სპარსეთში. ამ პერიოდის შესახებ მოგვითხრობს პორტუგალიელი ავგუსტინელი ბერი მამა ამბროზიო დუშ ანჟუში, რომელიც 1618 წლიდან იმყოფებოდა სპარსეთის მისიონში. ორი წლის განმავლობაში იგი შირაზში ცხოვრობდა და თვითმხილველი იყო დედოფლის სასტიკი წამებისა. მისი სიტყვებით, სპარსეთში განთქმული იყო სათნო და ღვთისმოსავი დედოფლის სახელი. მას სტუმრობდნენ ქრისტიანი ბერები. ქეთევანი თავის თანმხლებ პირებთან ერთად მისიონერთა მონასტერში ხშირად დადიოდა წირვის მოსასმენად და სალოცავად.

შაჰმა შირაზის ბეგლარბეგს მოსთხოვა დედოფლის გამაჰმადიანება, რაზედაც ქეთევანისაგან სასტიკი უარი მიიღო. მან ასე უპასუხა შაჰის მსაჯულებს: "შაჰს შეუძლია ბევრი ჭრილობა მიაყენოს ჩემს სხეულს, ამით ჩემს სულს მხოლოდ სიკეთეს მოუტანსო”. მსაჯულები ბევრ ამქვეყნიურ სიკეთეს სთავაზობდნენ და ცდილობდნენ დაეყოლიებინათ დედოფალი მიეღო მაჰმადის რჯული, მაგრამ ამაოდ. ის საშინელი წამებით მოკლეს შირაზში 1624 წლის 22 სექტემბერს.

დედოფლის ნეშტის ნაწილები გოას ავგუსტინელმა ბერებმა სპარსეთიდან გაიტანეს. ეს ნაწილები ინახებოდა საქართველოში (ალავერდის მონასტერში, დაიკარგა 1723 წელს), ინდოეთში (გოა და გრასის მონასტერში), რომში (წმ. პეტრეს ტაძარში), ბელგიაში (ნამიურის ტაძარში).

წმინდანის ცხოვრება აღწერა თავის პოემაში მისმა პოლიტიკურად უიღბლო, მაგრამ უდრეკმა შვილმა თეიმურაზმა პოემაში "წამება ქათევან დედოფლისა”; მის შესახებ გვიამბობენ ფარსადან გორგიჯანიძე, ვახუშტი ბაგრატიონი, ბერი ეგნატაშვილი, კათოლიკე მისიონერები: გრიგორიო ორსინი, პიეტრო დელა ვალე, კლოდ მალენგრი. გერმანელმა მწერალმა გრიფიუსმა ქეთევან დედოფლის მოწამეობრივ ცხოვრებას უძღვნა თავისი ტრაგედია "ქეთევან ქართველი, ანუ გაუტეხელი სიმტკიცე”.

ქართულმა ეკლესიამ ქეთევანი წმინდანად შერაცხა. მის წამებას მიეძღვნა გრიგოლ დოდორქელის (ვახვახიშვილის) აგიოგრაფიული თხზულება "წამებაÁ ყოვლად დიდებულისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისი”. ამ თხზულებისა და სხვა წყაროების საფუძველზე ანტონ კათალიკოსმა შექმნა ქეთევანის წამების მეტაფრასული რედაქცია, რომელიც შეტანილია მის "მარტირიკაში”; სვინაქსარული "წამება” სამი რედაქციითაა ცნობილი.


კატეგორია: ქართველი მეფეები | ნანახია: 304 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013