ლადო ასათიანი - 13 ივლისში 2011 - ისტორია-HISTORY
კვირა, 2016-12-11, 3:14 AM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2011 » ივლისი » 13 » ლადო ასათიანი
4:27 PM
ლადო ასათიანი

ლეჩხუმის სოფელი ბარდნალა იყო ლადოს სამშობლო. ბაბუას, გუჯუ ასათიანს, მიწის ნაკვეთები, საყანე ადგილები, კაკლის ხეები ჰქონდა. 1930 წელს გააკულაკეს და სახლიც და მიწის ნაკვეთებიც ჩამოართვეს. გუჯუ იმ ღამითვე გარდაიცვალა. ლადოს მამა მელქისედექი მეუღლითა და სამი შვილით ქუთაისში გადავიდა.

ლადომ ქუთაისის საცდელი სკოლის შვიდი კლასი დაამთავრა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში გააგრძელა სწავლა. ოჯახი ისევ მამაპაპისეულ სახლს მიუბრუნდა. მშობლები ბარდნალას სკოლაში ასწავლიდნენ. ლადომაც, ოჯახთან ახლოს, ცაგერის სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმში გადაიტანა საბუთები. მექი ასათიანი პოეზიის მოყვარული იყო, გრიგოლ ორბელიანი ზეპირად იცოდა, ერისა და ენის სადღეგრძელოს ასე იწყებდა - „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს"... ლადოს თავისი კერპები ჰყავდა - ბარათაშვილი და ვაჟა-ფშაველა. ბიბლიიდან ბევრი ადგილი ზეპირად იცოდა.

17 წლის ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე შევიდა, მალე ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე გადავიდა. 1936 წლის 25 თებერვალს ქუთაისის გაზეთ „სტალინელში" გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსი, „თებერვლის დილა". ზაფხულობით სოფელში ჩამოდიოდა, ეზოში იფნის ხეებზე კალათბურთის ფარები მიამაგრა და ბიჭები კალათბურთს თამაშობდნენ, მდინარეზე საცურაოდ დადიოდნენ, ბადით თევზაობდნენ. დედას უყურადღებოდ არასოდეს ტოვებდა, რაც მის ყოველდღიურ ცხოვრებაში ხდებოდა, ყველაფერს აგებინებდა. როცა სათაფლია და გელათი ფეხით მოიარა, დედას წერილი ლექსად გამოუგზავნა, ეს ლექსი შემდეგ „ინდუსტრიულ ქუთაისში" დაიბეჭდა. 1937 წელს ლადოს დედა დააპატიმრეს. „ტროიკამ" გაასამართლა და გადასახლება მიუსაჯა. გაიგეს, როდის გამოჰყავდათ ციხიდან. ლადომ დაინახა, დედამისი მანქანაში როგორ ჩასვეს და ცუდად გახდა. ბიძამ შემოუძახა, ვაჟკაცი არა ხარ, არ შემარცხვინოო. დედა აღარ უნახავს. ლადოსაც რაღაც საბაბი მოუდეს და ინსტიტუტიდან გარიცხეს, მაგრამ მალევე აღადგინეს. გულნატკენი ბოლო წლებში ლეჩხუმში აღარ ჩასულა, შორიდან ლექსით ეხმიანებოდა.

1938 წელს ლადო თბილისში გადმოვიდა. „ჩვენი თაობისა" და „ნორჩი ლენინელის" ჰონორარის იმედით ცხოვრობდა. მერე რედაქციაში მუშაობაც დაიწყო. ანიკო ვაჩნაძე გაიცნო, მალე იქორწინეს კიდეც. ქალიშვილი შეეძინათ, მანანა.

ტუბერკულოზით დაავადებული პოეტი 1939 წელს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სამხედრო ექიმებმა გულისხმიერება გამოიჩინეს და ავადმყოფი უკან დააბრუნეს. აბასთუმანში ორჯერ იყო სამკურნალოდ, მაგრამ ვეღარაფერმა უშველა...

სიცოცხლის ბოლო სამი წელიწადი საბედისწერო და, ამავე დროს, შემოქმედებითად ნაყოფიერი გამოდგა. 1941 წელს ლადოს პირველი წიგნი „ლექსები" გამოვიდა. ჭაბუკობიდანვე სიკვდილის ნიშნით დაღდასმული თითქოს ჩქარობდა, ცდილობდა სიკვდილისათვის დაესწრო და ყველაფერი ამოეთქვა. მომდევნო წელს გამომცემლობა „ფედერაციიდან" მიიღო ორთაბახიანი კრებულის „წინაპრების" სასიგნალო ეგზემპლარები, მაგრამ წიგნი აღარ გამოცემულა: რა დროს წინაპრებია, ქვეყანაში ომიაო, უთხრეს. ამ ამბავმა უფრო დაუმძიმა მდგომარეობა...

მოხუცი მამა ენატრებოდა, სიზმარში ხედავდა. სიკვდილი უცებ მოვიდა, ლექსის წერისას... ჰაერში ხელით რაღაცა მოხაზა, ბაგე ოდნავ გახსნა და „მა...ა"-ს მსგავსი ბგერა აღმოხდა. ვერ მიხვდნენ, რას ნიშნავდა შუაზე გაწყვეტილი სიტყვა, „მამას" თუ „მანანას!"... სულ მალე კიბეზე ამომავალი კაცის ფეხის ხმა გაისმა, ოთახში მამა შემოვიდა. დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე.

ნამდვილი შემოქმედის ბიოგრაფია სიკვდილის შემდეგაც გრძელდება. ლადო ასათიანის სახელი ომის შემდეგვე გახმაურდა და მისი შემოქმედებისა და ცხოვრების მიმართ ინტერესი გაჩნდა. მწერალმა ნიკა აგიაშვილმა 26 წლის ლადოსა და მის თაობას წიგნი უძღვნა: „ჭაბუკები დარჩნენ მარად".

ლადო ასათიანი განსაკუთრებულ სულიერ ნათესაობას ფიროსმანთან გრძნობდა, ყველაზე მეტად ქართველი პოეტის სახელი ეამაყებოდა და რუსთველის პროსპექტზე სეირნობა მოსწონდა. იყო მაღალი, გამხდარი. ჰქონდა ფართო, ცისფერი თვალები, ამაყი გამოხედვა. თავაღერებული სიარული უყვარდა, თანაც მარტო. ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის კუთხესთან შეჩერდებოდა, ჭადრის ხეს მიეყრდნობოდა და ფიქრობდა. მეგობრებიც იქ აკითხავდნენ. როცა თავის საყვარელ თემაზე - სამშობლოზე, ფიროსმანზე, პოეზიაზე დაიწყებდა ლაპარაკს, თვალებიდან გამოჭრილი სხივი მთელ სახეს უნათებდა. ფიროსმანს სამი ლექსი უძღვნა. მეგობრებსაც წერილებში მასზე ესაუბრებოდა: „ყოველი ჭეშმარიტად კულტურული პოეტი ისე უნდა წერდეს ლექსს, როგორც ნიკო ფიროსმანი წერს თავის სურათებს. თუმცა ფიროსმანი ნასწავლი მხატვარი არ იყო, მაგრამ ნიჭმა გადაწყვიტა ყველაფერი. რა თქმა უნდა, უდიდესი ბედნიერებაა, როცა კულტურული პოეტი ხარ, ნიჭიერიც და ფიროსმანის სურათების გვარად უბრალო და ცოცხალ ლექსებს ქმნი."

ლადოს ცნობილ ლექსს „სალაღობოს" დედანში „ასათიანური" ერქვა. მისი პოეზიაა მთლიანად „ასათიანური" - ბრძოლოს ყიჟინასავით მჭექარი და იმედიანი. საქართველო იყო მისი საოცნებო სახელი, ამიტომ უნდოდა „ქართლის ცხოვრების" ეპიზოდები გაელექსა და პატარ-პატარა პოემებად ექცია. „მაშინ ნახეთ, სულ ზეპირად რომ ისწავლის ჩემს ლექსებს მთელი საქართველო" - ამბობდა მეგობრებში. ასათიანმა შემოიტანა პოეზიაში ახალი სიმბოლო, ყაყაჩო. ის ხან სამშობლოსათვის თავდადებული გმირის სისხლია, ხან სიკეთისა და ბედნიერების მაუწყებელი ნიშანია, ზოგჯერ ლამაზი ქალის სახეა.

1988 წელს გამოცემული წიგნის შესავალში მურმან ლებანიძე წერს: „ლადო ასათიანის პოეზიაზე დაწერილი ნებისმიერი წერილისის კითხვას, თვით ლადო ასათიანის პოეზიის კითხვა სჯობს, რადგან ჭეშმარიტი პოეზიის კითხვა ბაჯაღლო სიამოვნებაა." მართლაც, „სალაღობო", „ლხინი კახელებთან", „ქართლის გზებზე", „კრწანისის ყაყაჩოები", „ბარდნალა", „საქართველოში", „რუსთველის პროსპექტი" - ეს ლექსები იმ მკითხველსაც აღელვებს, რომელიც ჩვეულებრივ გულგრილია პოეზიისადმი.

კატეგორია: დიდი ქართველი მწერლები და მოღვაწეები | ნანახია: 622 | დაამატა: dato | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013