ოშკი, X საუკუნის 50-60-იანი წლების ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლი - 25 ივნისში 2012 - ისტორია-HISTORY
შაბათი, 2016-12-10, 9:55 AM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » ივნისი » 25 » ოშკი, X საუკუნის 50-60-იანი წლების ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლი
1:18 AM
ოშკი, X საუკუნის 50-60-იანი წლების ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლი


ოშკი, X საუკუნის 50-60-იანი წლების ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლი, სამონასტრო ცენტრი, ისტორიულ ტაოში, ოთხ დიდ კათედრალთაგან პირველი (იხ. სვეტიცხოველი, ბაგრატი, ალავერდი), თორთუმისწყლის მარცხენა მაღალ ნაპირზე (ამჟამად თურქეთის ფარგლებშია). მთავარი ტაძრის გარდა შემონახულია სემინარია-სატრაპეზო და მცირე ეკლესიები.

ისტორია

ტაძრის სამხრეთ კედლის წარწერიდან ჩანს, რომ დამფუძნებლები ყოფილან ტაოს მფლობელი ბაგრატიონები - ბაგრატ ერისთავთერისთავი და დავით მაგისტროსი (იგივე დავით III დიდი კურაპალატი), ხოლო მშენებლობას ხელმძღვანელობდა გრიგოლი, რომელიც რელიეფურად არის გამოსახული სამხრეთ გალერეის ერთ-ერთ სვეტზე.

ოშკი ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო ტაოში. ჩვენამდე მოღწეულია ოშკის მონასტერში შექმნილი ხელნაწერები, მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ოშკის ბიბლია (978), რომელიც ამჟამად ათონის მთაზეა დაცული. ოშკში მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და მღვდელმთავრები: გრიგოლ ოშკელი (X ს.), სტეფანე დეკანოზი (X ს.), იოანე ჩირაი (X ს.), ოშკის ბიბლიის გადამწერი - მიქაელ ვარაზვაჩეს ძე, სტეფანე მწერალი, გიორგი გელასის ძე, გაბრიელ ოშკელი (XI ს.) და სხვა.

არქიტექტურა

ოშკის ტაძარი აგებულია საგანგებოდ ამოყვანილ სუბსტრუქციაზე, რომელშიც სამარხებია მოწყობილი. ოშკის ტაძრის გეგმა ჯვრისებრი მოხაზულობისაა. ნაგებობა წარმოადგენს ტეტრაკონქს, ე. ი. ჯვრის 3 მკლავი (აღმოსავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი) ნახევარწრიული აფსიდებით მთავრდება, მეოთხე მკლავი (დასავლეთისა) კი – წაგრძელებული და უაფსიდოა. სამივე აფსიდის ერთსა და მეორე მხარეს ორ სართულად განლაგებულია დამატებითი სადგომები.


ტაძრის ჯვრისებრი მოხაზულობა შენარჩუნებულია გარედანაც, მაგრამ აფსიდების სიმრგვალე არ მჟღავნდება, ისინი მოქცეულია სწორკუთხა მკლავებში. დასავლეთი მკლავის სამხრეთ კედელს გასდევს ღია გალერეა, რომლის ორმწკრივად განლაგებული სვეტები შემკულია ჩუქურთმებითა და რელიეფებით. კარნიზი ტეხილია და ყოველი მალის თავზე ცალკე ფრონტონს ქმნის. ტაძარი სიდიდითა და პროპორციებით გამოირჩევა წინა ხანის ძეგლთაგან, იგი ახალი დროის ტიპური ნაწარმოებია: კედლების სიმაღლე შენობის კორპუსის სიგანესთან შეფარდებით გაზრდილია, გუმბათის ყელი ამაღლებულია, წახნაგებმა ადგილი დაუთმო ცილინდრს, რომელიც ტეხილი ლილვებითა და დეკორატიული თაღებით 24 არედ არის დაყოფილი. გუმბათის ყელში 4-ის ნაცვლად 12 სარკმელია. ტაძარი უხვადაა შემკული ჩუქურთმებით, ხოლო რელიეფის სიმდიდრით ოშკს ერთ-ერთი უპირველესი ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ ტაძართა შორის.

ოშკი Oshki

ოშკის გარეგნული სახის ყველაზე დამახასიათებელი მოტივია 5 დეკორატიული თაღის განმეორებადი კომპოზიცია - აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე, თაღებში ჩართულია ორ-ორი სამკუთხა ნიში. მორთულობის ეს სისტემა XI-XII საუკუნეებში იქცა მრავალ გუმბათიანი ტაძრის აღმოსავლეთ ფასადთა ტიპურ კომპოზიციად. განსაკუთრებით მდიდარი და მრავალფეროვანია სამხრეთი ფასადი. აქ ფასადის შვერილი ნაწილის დეკორატიული თაღებისა და სახურავთა დაქანებული კალთების მოძრავი რიტმი გაცხოველებულია სამხრეთ გალერეის კარნიზის კიდევ უფრო ცოცხალი რიტმით. შენობის მასები ამ მხარეს მკვეთრად ასიმეტრიულია. ოშკის ტაძრის მორთულობაში საკმაოდ ბევრია ადამიანის გამოსახელება. გამოსახული არიან აგრეთვე ცხოველები (ხარები, ირმები, ფრინველები). მრავალი მოტივი წინაქრისტიანული წარმოშობისაა, მაგრამ ქრისტიანული ეკლესიის მიერ ნებადართული.

რელიეფების უმეტესობა განლაგებულია გუმბათის ყელის ძირში, მედალიონებში, უფრო კი სარკმელების გარშემო. მათი განაწილება და არქიტექტურულ ელემენტებთან ურთიერთობა მთლიანად გააზრებულია. ტაძრის შიგნით იქმნება სიდიადისა და ჰარმონიის შთაბეჭდილება. აქაც დიდი ადგილი უჭირავს ქვაზე ნაკვეთ მორთულობას, რაც დამახასიათებელია X საუკუნისათვის. ჩუქურთმითაა დაფარული გუმბათქვეშა ბოძების მძლავრი, რთულად პროფილირებული ბაზისები და სვეტისთავები, სამხრეთ გალერეის ვარსკვლავისებრი კამარები. მორთულობის შესრულების დონე საკმაოდ მაღალია.

ტაძარი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

მიუხედავად იუნესკოს დაცვისა ტაძარს დღემდე "ამშვენებს" დას.-დან მიშენებული სოფლის საზოგადოებრივი ტუალეტი, აღმ.-დან კი-საბძელი.

სამწუხაროდ ტაძარი დღემდე დაუცველია და მუდმივად იძარცვება (მაგ. 2006 წელს გაქრა ტაძრის სამხ.-აღმ. ფასადის ბარელიეფი.)

მიუხედავად ოშკის მნიშვნელობისა მთელი გვიანი შუა საუკუნეები, ის უცნობი იყო ქართული სინამდვილისთვის, სამხრეთ საქართველოს თურქეთის მიერ მიტაცების გამო. მკვლევართაგან ოშკი პირველმა ვენეციელმა სომეხმა სწავლულმა ნ. სარგისიანმა მოინახულა 1843-1853 წწ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ექვთიმე თაყაიშვილის სამი უმნიშვნელოვანესი ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში, რომლის დროსაც მთლიანად იქნა აღწერილი და აზომილი ოშკის მონასტერი.


კატეგორია: საქართველოს საგანძური | ნანახია: 330 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013