ფარსმან ქველი (ფარსმან II) - 14 თებერვალში 2013 - ისტორია-HISTORY
ოთხშაბათი, 2016-12-07, 9:14 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2013 » თებერვალი » 14 » ფარსმან ქველი (ფარსმან II)
12:49 PM
ფარსმან ქველი (ფარსმან II)


მეორე საუკუნის პირველ ნახევარში, ქრისტესშობიდან დაახლოებით 130-150 წლებში, ქართლის ( იმავე იბერიის) სამეფო ტახტზე იჯდა ფარსმან II, ზედსახელით ,,ქველი’’.იმდენად მოძლიერდა ქართლის სამეფო ფარსმან II-ის დროს, რომ პართიასა და თვით რომსაც კი მეტოქეობდა.ერი ტყუილად არ მოიხსენიებს პიროვნებას ზედსახელით და ეს ფარსმან მეორემაც დაიმსახურა თავისი მკლავისა და გონიერების წყალობით. ფარსმან II-ს მატიანე მოიხსენიებს გმირ და მამაც მებრძოლად, ქვეყნის ღირსეულ პატრონად. ფარსმან ყოფილა თურმე ,,კაცი კეთილი და უხვად მიმნიჭებელი და შემნდობელი, ასაკითა შუენიერი, მხნე მხედარი შემმართებელი ბრძოლისა, უშიში ვითარცა უხორცო’’. დიდებულთაგან ჩაგრულთ ქომაგად იდგა ნიადაგ და ამიტომაც სარგებლობდა მეფე ფარსმანი ხალხში უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით. ქართლის სამეფოს სამანების გაფართოებისათვის ზრუნავდა მუხლჩაუხრელად, შავი ზღვის სანაპირომდე, ქალაქ გონიომდე გააფართოვა მამაცმა მეფემ საზღვრები. მოძლიერებულმა სახელოვანმა მამულიშვილმა თვით რომის გაძევება განიზრახა და აკი წარმატებითაც ახერხებდა ამას ალან-ოსებისა თუ სხვა ჩრდილოკავკასიელთა მეშვეობით რომისა და პართიის წინააღმდეგ ბრძოლისას. ჯიუტი, მიზანსწრაფული და ამბიციური იყო მეფე იბერთა, არად აგდებდა თვით რომის ძლევამოსილ იმპერატორებსაც კი, ზოგჯერ დასცინოდა კიდევაც და მაღლიდან უყურებდა. რომის მაშინდელი იმპერატორი ადრიანე მრავალ უცხოელ მეფეს პატივს მიაგებდა, რითაც მათგან მშვიდობას ყიდულობდა. ამის გამო ზოგიერთ თანამემამულეს იგი სძულდა. ყველაზე მეტი მან იბერთა მეფეს უძღვნა. ძვირფასი საჩუქრების გარდა, ადრიანემ ფარსმანს საომარი სპილო და კოჰორტაც ( ორმოცდაათკაციანი ქვეითი რაზმი) უბოძა. ფარსმანმაც აახლა უამრავი საჩუქარი და მათ შორის მოოქრული ქლამინდი ( ძველი ბერძნებისა და რომაელების ერთგვარი სამოსი). ადრიანემ ძღვენი სასაცილოდ აიგდო და სამასი დამნაშავე არენაზე ისეთივე მოოქრული ქლამინდით შემოსილი გაუშვა. სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც ფარსმანმა უარი თქვა ადრიანესთან გამოცხადებაზე, იმპერატორი იძულებული შეიქნა, მეფესთან ელჩთა გაცვლა-გამოცვლისათვის მიემართა. ამას კი ადრიანეს ალანთა შემოჭრისაგან თავდაცვის გადაუდებელი აუცილებლობა კარნახობდა. სავსებით შესაძლებელია, ადრიანეს ელჩობა დაკისრებული ჰქონოდა ფლავიუს არიანეს, რომის იმპერატორის მოადგილეს კაპადოკიაში – იბერიის მეფის სამფლობელოსთან მიმდებარე ოლქების მმართველს. ამაზე მიგვანიშნებს ბიზანტიელი ისტორიკოსი, იოანე ლიდი ( VI საუკუნე), რომ ფლავიუს არიანემ მოინახულა კავკასია და გაეცნო გასასვლელ გზებს. რომსა და იბერიას შორის მაშინ არსებული დაძაბულობის გათვალისწინებით, არიანეს იბერიაში მოხვედრა შეეძლო მხოლოდ იმპერატორის დავალებით, დიპლომატიური მისიის შესასრულებლად, ძღვენი კი, რომელიც ადრიანემ ფარსმანს მიართვა, შესაძლოა, სწორედ არიანემ ჩაიტანა. როგორც ჩანს, არიანეს ელჩობა რომისათვის უშედეგოდ დამთავრდა, რასაც მოწმობს ადრიანეს გაღიზიანება, რაც გამოიხატა ფარსმანის მიერ იმპერატორისათვის გაგზავნილი ზემოხსენებული საპასუხო საჩუქრის მასხრად აგდებით. რომის შემდეგი იმპერატორის, ანტონინუს პიუსის ( 138 – 161 წწ.) მმართველობისას დამოკიდებულება რომსა და იბერიას შორის რამდენადმე გაუმჯობესდა რომის მხრიდან დათმობებისა და იბერიის სამეფოს ტერიტორიული პრეტენზიების ცნობის (აღიარების) შედეგად. იბერიის სამეფო ტახტზე კი ამ დროსაც ფარსმან II იჯდა. ამჯერად იბერიის მეფე დიდი ამალით ეწვია რომის ახალ იმპერატორს, რაც საგანგებო ზეიმით დასრულდა. ,,როდესაც ფარსმან იბერიელი მეუღლითურთ ეწვია რომს, – ამბობს დიონიუსი, – ანტონიუს პიუსმა გააფართოვა ფარსმანის სამფლობელო და ნებაც კი მისცა მეფეს, რომ მას მსხვერპლი შეეწირა კაპიტოლიუმში, შემდეგ კი ცხენზე ამხედრებული იბერთა მეფის ქანდაკება დადგა ბელონის ტაძარში. გარდა ამისა, იმპერატორი დაესწრო ფარსმანის, მისი ვაჟისა და მათი თანმხლები პირების აღლუმს’’. ანტონინუს პიუსის ბიოგრაფი იულიუს კაპიტოლინი ასევე მოიხსენიებს ამ ამბავს. ამბობს, რომ მეფე ფარსმანი ჩაბრძანდა რომში ანტონინუსთან და რომ მისდამი მეტი პატივისცემა გამოხატა, ვიდრე ადრიანესადმი. ქართველი მხედრების სამხედრო ილეთებსა და ვაჟკაცობას აღუფრთოვანებია რომაელები. მსგავსი ფაქტები ძალზე ცოტაა პატარა საქართველოს ისტორიაში. ფარსმანისდარი მიღება ძნელად თუ ვინმეს ღირსებია მრისხანე და ძლევამოსილ რომში. ,,ვაჰ, დრონი, დრონი, ნაგემნი მტკბარად’’, – იტყვის მოგვიანებით ქართველი პოეტი. მამაცი მეფე ქართველმა ერმა ზედსახელით შეამკო და უწოდა ფარსმან ქველი. მისდარი მამაცი პიროვნებები ქმნიან ერისა და ქვეყნის იმიჯს, ბრწყინვალე მაგალითს აძლევენ მათ, ვისაც სამშობლოს მომავალი უპირველეს საზრუნავად მიაჩნია და ვისაც სანუკვარ ოცნებად აქვს ქვეყნის ისტორიაში დაიმკვიდროს უკვდავი სახელი.

კატეგორია: ქართველი მეფეები | ნანახია: 473 | დაამატა: datodato9349 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013