ტბელ აბუსერისძე - 22 აგვისტოში 2011 - ისტორია-HISTORY
კვირა, 2016-12-11, 3:16 AM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2011 » აგვისტო » 22 » ტბელ აბუსერისძე
3:11 PM
ტბელ აბუსერისძე

ტბელ აბუსერისძე (დაახლ. 1190-1250) - საეკლესიო მწერალი, ღვთისმეტყველი, მეც¬ნი¬ერი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. ეკუთვნოდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ერის¬თავთ-ერისთავთა ცნობილ გვარს . აბუსერისძეთა სახლი აგრძელებდა ქარ¬თველი ფეოდალების საუკეთესო მამულიშვილურ და კულტურულ ტრადი¬ციებს. მათი მამული (აჭარა, სხალთის ხეობა) მოფენილი იყო

ციხე-სიმაგრეებით და ეკლესია-მონასტრე¬ბით. ტბელის მამა, ივანე ერისთავთ-ერისთავი, ბასიანის ბრძოლაში მოკლეს (1203 წ.), დაქვრი¬ვებული დედა - ეკატერინე (ხათუთა-ყოფი¬ლი) კი მონაზვნადაღიკვეცა. საეკლესიო მშენებლობას ფინანსურად და მატერია¬ლუ¬რად შეეწეოდნენ მწერლის მეუღლე (ბაგული) და და-ძმები.

 

ტბელ აბუსერისძე დაიბადა ხიხათა საერისთავოში. სასულიერო განათლება მიიღო ვარ-ძიაში, იოანე შავთელთან, 1200-1210-იან წლებში და იყო თავისი მოძღვრის საქმის გამგრძე-ლებელი, რასაც გვიდასტურებს სამეცნიერო-პედაგოგიური ნაშრომი «ქრონიკონი სრული მისი¬თა საუწყებელითა განგებითა». მასში ტბელ აბუსერისძეს ახალ საფეხურ¬ზე აჰყავს შავთელის მიერ წამოწყებული საქმე. ანალოგიური შინაარსის თხზულება ("ასურული კვიკლოსის საძიებელი და მასწავებელი”) წმ. იოანე შავთელს, ადვილად დამახსოვრების მიზნით, ლექსად ჰქონდა დაწერილი. თუმცა ეს იყო მხოლოდ სასწავლო-პედაგოგიური დანიშნულების სახელმძღვანელო. მისგან განსხვავებით ტბელის ნაშრომს აგრეთვე გააჩნდა გამოკვეთილი სამეცნიერო მიზანმიმართულება და წარმოადგენდა სრულიად ახალ სიტყვას ქართული მეცნიერების ისტორიაში.
ვარძიაში ტბელ აბუსერისძის იოანე შავ¬თელზე დამოწაფებისათვის ხელი უნდა შეეწყო ამ სავანის გეოგრაფიულ სიახლოვესაც აბუსე¬რის¬ძეთა მამულთან, ხიხანთან.
1216 წელს ტბელ აბუსერისძე ესწრებოდა ივანე ათაბაგის (მხარგრძელის) მიერ დვინში მოწვეულ საეკლესიო სასამართლოს. სტეფანოზ ორბელიანის ცნობით, სასამართლოში მონა¬წი¬ლე-ობას ღებულობდნენ აგრეთვე ვარძიის წინამძღვარი და მემნა ჯაყელი - ძმა ბოცო ჯაყე¬ლისა, რომელსაც ცოლად ჰყავდა ტბელ აბუსერისძის და - დიოფალ-დიოფალი ვანენი. 
ამავე პერიოდში ტბელ აბუსერისძე მოღვაწეობდა აღმოსავლეთ საქართველოს ისეთ მნიშვნელოვან საეკლესიო ცენტრებში, როგორიცაა: მარტყოფის ღვთაება და ალავერდის მთავარმოწამე. სწორედ ამ კერებმა შთააგონა ტბელი, ახალი თხზულებებით განევრცო ასურელ მამათა ჰაგიოგრაფიუ¬ლი ციკლი. მისი ინიციატივით, საქართველოს ეკლესიაში დაწესდა მარტყოფის ხატის დღე¬სას¬წაული, შეიქმნა კერამიონისადმი მიძღვნილი ჰიმნოგრაფიული ციკლი (იხ. საბა სვინგელოზი), ალავერდის მთავარმოწამის სასწაულები კი მან თავად აღწერა ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში «სასწაულნი წმიდისა მთავარმოწამისა გიორგისნი».
1222-1233 წლებში, მონღოლთა და ხვარაზმელთა შემოსევების დროს, ტბელ აბუსე¬რის¬ძე ხიხანში ბრუნდება და თავისი ძმების, ერისთავთ-ერისთავების აბუსერ IV-ისა და ვარდა¬ნის, დავალებით, ხელმძღვანელობს ხიხათა ციხისა და ეკლესიის მშენებლობას. 1233 წელს ტბელ აბუსერისძემ სწორედ ხიხათა წმ. გიორგის ეკლესიას მიუძღვნა ლიტურგიკული და სამეცნიერო-სასწავლო შინაარსის ძვირფასი ხელნაწერი კრებული, რომელიც ამჟამად კ. კე¬კელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტშია დაცული A-85 ნომრით.
ხიხათა ეკლესიის შემკობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მწერლის უფროსმა ძმამ, აბუსერ IV-მ. მისი ფინანსური ხელშეწყობით შეიქმნა A-85 ხელნაწერი, რომელსაც ტბელ აბუსერისძე სიცოცხლის ბოლომდე თვითონ მოიხმარდა: «ესე ძლისპირნი და სტიქარონნი მე დავსხენ ამით ყოვლითა შემატებულითა და ვირე ცოცხალ ვარ, ოდესცა მინდან, მე მოვიჴმა¬რებ» - ნათქვამია A-85 ხელნაწერის «ანდერძში», რომლის ავტორია ტბელ აბუსერისძე. 
ხვარაზმელთა შემოსევის გამო, 1225 წლიდან საქართველოს სამეფო კარმა თბილისიდან ქუთაისში გადაინაცვლა. რუ¬სუ¬დან დედოფალთან ერთად დასავლეთ საქართველოში გადავიდნენ საქართველოს კათა¬ლი¬¬კოსი არსენ ბულმაისიმისძე და სამეფო კარის ეპისკოპოსი საბა სვინგელოზი. ისინი გელა¬თის სავანეში დამკვიდრდნენ, რასაც ცხადყოფს არსენ ბულმაისიმისძის ეპისტოლე აბუსერ აბუსერისძისადმი: «ამით ებისტოლითა აბუსერის მომართითა ესევე არსენი აქებს, რომელი მოწერა გელათით ამათვე გალობათა თანა» - წერს ტბელ აბუსერისძე. 
აღნიშნულ ეპისტოლესთან ერთად არსენმა ხიხანში გაგზავნა აბუსერის დაკვეთით დაწერილი საგალობლები, რომლებიც მარტყოფის ხელთუქმნელ ხატს ეძღვნება. ხელთუქმ¬ნე¬ლი ხატის ჰიმნოგრაფიულ ციკლში ერთიანდება ტბელ აბუსერისძის მეორე ძმის - ვარდან აბუსერისძის დაკვეთით შეთხზული საგალობლებიც: «მეოთხის გუერდნი გალობანი» (დაწე¬რი¬ლი არსენ ბულმაისიმისძის მიერ) და «გალობანი ქრისტეს განგებულებისანი» (დაწერილი საბა სვინგელოზის მიერ), რომლის აკროსტიქია «ქრისტე ღმრთის ხატო, მეოხ ექმენ ვარდანს». ცხადია, შუამავალი მეცენატ ძმებსა და გელათში მოღვაწე საეკლესიო იერარქებს შორის ტბელ აბუსერისძე იყო. საგულისხმოა, რომ არსენ ბულმაისიმისძემ ოთხი თვის (თებერვალ-მაისის) იამბიკური სვინაქსარი - იოანე პეტრიწის «ხუთთა თთუეთა» იამბიკური სვინაქსარის გაგრძელება - სწორედ მისი თხოვნით დაწერა.
გელათში ტბელ აბუსერისძის მოღვაწეობას გვიდასტურებს K-22 ხელნაწერიც, რომე¬ლიც შედგენილობით ენათესავება A-85 კრებულს, უპირველეს ყოვლისა იმით, რომ იწყება ტბელ აბუსერისძის საგალობლით («გალობანი სამთა იოვანეთანი»). ამ ორ ხელნაწერს შორის საერთოა სხვა მასალაც, კერძოდ, იოანე პეტრიწის, არ¬სენ ბულმაისიმისძის, იოანე შავთელისა და დავით აღმაშენებლის საგალობლები. 
სავარაუდოდ, ტბელ აბუსერისძე უნდა გარდაცვლილიყო 1250 წელს. მისი სამუდამო განსასვენებელი ხიხათა საერისთავო უნდა გამხდარიყო, კერძოდ, თხილვანის იოანე მახარებ¬ლის ეკლესია.
«კლარჯული სვინაქსარში», დიდმარხვის მეექვსე (ბზობის) კვირის დასაწყისში შეტა¬ნი¬ლია ტბელ აბუსერისძის აღაპი (XVI ს.): «ამას დღესა აღაპი ტბელისა აბუსერისძისაჲ. ამისი შემცვა-ლებე¬ლიცა კრულია პეტრე მოციქულისა მადლითა».
2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდ¬მა ტბელ აბუსერისძე წმინდანად შერაცხა. ხსენება «ღირსისა მამისა ტბელ გამომეტყვე¬ლისა (აბუსერისძისა)» დაწესდა 30 აგვისტოს (ძვ. სტილით 17 აგვისტოს). 2006 წლიდან სხალთის ხეობაში (ხიხანი, სხალთა, თხილვანა, ვერნები) აღინიშნება ტბელ აბუსერისძის ხსენების დღისადმი მიძღვნილი საეკლესიო დღესასწაული - ტბელობა. 
ტბელ აბუსერისძის ორიგინალური შემოქმედება მოიცავს 5 თხზულებას: 1. «ახალნი სა¬ს¬წა-ულნი წმიდისა მთავარმოწამისა გიორგისნი»; 2. «გალობანი სამთა იოვანეთანი»; 3. «გა¬ლო¬ბა¬ნი მწვალებელთა შეჩუენებისანი»; 4. «გალობანი წმიდისა ღმრთისმშობელისანი»; 5. «ქრო¬ნი¬კონი სრული მისითა საუწყებელითა განგებითა».
1. «ახალნი სასწაულნი წმიდისა გიორგისნი». თხზულება შეეხება ხიხათა ციხესიმა¬გრეს¬თან ახლოს, ფოცხოვში, დაბა შუარტყლის წმ. გიორგის ეკლესიის სასწაულებრივ მშენე¬ბ¬ლობას - ტაძარს მარტო, სხვების დახმარების გარეშე აგებს დახელოვნებული ქვითხუ¬რო ბასილი. ტექსტში აღწერილი სასწაულები უკავშირდება მშენებარე ეკლესიის ეზოში დაბრ¬ძანე¬ბულ ჯვარს, რომელიც «სახელსა ზედა არს ალავერდისა მთავარმოწამისსა». ნაწარმოების ბოლოს ტბელ აბუსერისძე წერს: «ესევითარითა საკჳრველებითა დაესვენა (ჯვარი - რ. ხ.) ნამუშაკევსა თჳსსა წმიდასა». «ნამუშაკევი თჳსი» აღნიშნავს ჯვრის და წმ. გიორგის ლოცვით და მეოხებით ნამუშაკევს. ეს არის ალავერდის მთავარმოწამე, რადგან ჯვარი მისი სახელობისა იყო. ასეა გაშინაარსე¬ბული ნაწარმოებში საღვთო მადლის განფენა ერთი ტაძრიდან მეორეში, რითაც ვითარდება «იოანე ზედაზნელის ცხოვრებასა» და «აბიბოს ნეკრესელის წამებაში» მოცემული თემა: «ხოლო ამის ნეტარის იოვანეს მოწაფეთაგანმან (იგულისხმება იოანე ზედაზნელის მოწაფე იოსებ ალავერდელი - რ. ხ.) აღაშენა ალავერდი, რომლისაგან გამოვლენ დიდნი საკჳრველებანი, ვიდრე დღენდელად დღედმდე».
ტბელ აბუსერისძის თხზულების ეიკონურ ცენტრს ალავერდის წმ. გიორგის მიერ განძიდან (განძა) ტყვის გამოხსნის ეპიზოდი წარმოადგენს. მოთხრობაში წმ. გიორგის ფრესკული სახე გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. შუბის ნაცვლად მას ხელთ უპყრია მათრახი, ხოლო თეთრი ცხენის ნაცვლად ჰყავს «ჭარმაგი» (თეთრზე შავით დაწინწკლული) ცხენი. ნიშანდობლივია, რომ ეს თავისებურებები ქართული იკონოგრაფი¬ული ტრადიციით არის ნაკარნახევი, კერძოდ, ალავერდის წმ. გიორგის ტაძრის მოხატულობით. 
თხზულება გამოირჩევა აღმზრდელობითი და ტრო¬პოლოგიური მნიშვნელობის ხაზგასმით. წმ. გიორგი «სწავებით განაძლიერებს» მთავარ პერსონაჟს - ბასილის. თი¬თო¬ეული სასწაული კი ზნეობრივი მაგალითის ხასიათს იღებს და არც თუ იშვიათად მთავრ¬დება მორალური შეგონებით, რითაც ნაწარმოები ფოლკლორულ ტექსტებს უახლოვდება. «წმ. გიორგის ახალ სასწაულთა» ავტორის სიახლოვე ხალხურ სამყაროს¬თან იმდენად დიდია, რომ ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში ჩნდება კარნავალიზების ელე¬მენ¬ტები. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა მოქმედ პირთა ნართაული სახე¬ლე¬ბი - ბოლოკ-ბასილი (შდრ.: «ბოლოკა»), «პონილი», «კუანილი», ხარის სა¬ხელები - «პირქუში» და «ქურდა». ნაწარმოებში ვხვდებით წმ. გიორგის მხიარულებასაც («ლაღობა»): ის ქვის განაპობში ჩააყენებს ბოლოკ-ბასილის და იქეთ-აქეთიდან ქვებს შემოაჭერს, ბოლოს კი გაუშვებს და შეაგონებს მას: «წმიდამან, რეცა სი¬ცი¬ლის სახედ და ლაღობისა, განზიდნა მას განაპებსა ქვათასა და ჰრქუა: აღმო¬ხედ და ნუ ხარ მოწყინარე მსახურებისა ჩემისა და სრულ-ქმენ ტაძარი ჩემიო». სხვა ეპიზოდში წმ. გიორგი ენამოჩლექილ ხელოსანს მოფერებით პატარა ბავშვივით დაუძახებს: «ბაჩილო!», რითაც ავტორი წმ. გიორგის მამაშვილურ დამოკიდებულებას «ქრისტეში ჩვილებთან» (1 კორ. 3.1-3) ქადაგების მნიშვნელობას ანიჭებს.
თხზულებაზე დართულ „ანდერძში"ტბელ აბუსერისძე ერთიან საქართველოს «სრულ საქართველოს» უწოდებს, რო¬¬მელ¬საც ხვარაზმელთა სახით «კაცის მჭამელნი მგელნი» შემოესივნენ. ნიშან¬დობ¬ლივია, რომ მათ განდევნას, ჩვეული პროვიდენციალიზმიდან გამომდინარე, მწე¬¬რა¬ლი საქართველოს ზეციური მფარველის - წმიდა გიორგის მეოხებას მიაწერს. 
2. „გალობანი სამთა იოვანეთანი". ტბელ აბუსერისძე ხელნაწერებში სხვადასხვაგვა¬რად ასათაურებს საგალობელს. დასა¬თა¬ურებებში ხაზგასმულია ჰიმნოგრაფიული კანონის რამდენიმე მთავარი ასპექტი: 1) საგა¬ლო¬ბელი ეძღვნება იოანე ნათლისმცემელს, იოანე მახარებელს და იოანე ოქროპირს; 2) ქების ობიექტთა რიცხვი სამია - «რიცხჳ სამებისაჲ»; 3) ხოტბა სამივე მათგანს ეკუთვნის «ზიარად»; 4) მათი ქება «ერთბამად» არის შეკრებილი «ერთმოსეხნაობისათჳს»; 5) აგრეთვე - «ერთმადლისათჳს», რადგან სახელი «იოვანე» ებრაულად ნიშნავს «ღვთის მადლს».
ტბელ აბუსერისძე იოანე ნათლისმცემლის, იოანე მახარებლის და იოანე ოქროპირის სამეულის შესაქებად იყენებს ტრიადებს საეკლესიო მწერლობის სხვადასხვა დარგიდან, მათ შორის, ისეთ ცნებებს, რომლებსაც ეკლესიის მამები უსადაგებდნენ ყოვლადწინდა სამების საიდუმლო შინაარსს. 
ტბელ აბუსერისძეს საგალობელში ცნობილი ტრიადების გვერდით შემოაქვს ახალი სამეულები და ყველა მათგანი სხვადასხვა ასპექტით აქვს მისადაგებული ქების ობიექტე¬ბი¬სადმი. საგალობელში გამოყენებული ტრიადების რიცხვი ორ ათეულს აღწევს: ა) ანგე¬ლოზ¬ნი, კაცნი, ეშმაკნი (I,2); ბ) ცა, სამყარო, ეთერი (I,3); გ) ნიავსულნელი, ღრუბელი, ცუარი (III,1); დ) სასუფეველი ღმრთისა, სასუფეველი ცათა, სამოთხე ღმრთისა (III,2); ე) სიტყჳსა ჴმა, სიტყუა, პირი ქრისტესი (III,3); ვ) სიბრძნე, გულისჴმის-ყოფა, მეცნიერება (IV,1); ზ) ელ¬ვა, ცვარი, მარგალიტი (IV,2); თ) დასაბამი, საშუალი, დასასრული (IV,3); ი) სარ¬წმუ¬ნო¬ება, სასოება, სიყუარული (V,1); კ) წყარო, მდინარე, ზღუა (V,2); ლ) საღმრთო ცნობა, ქალ¬წულება, მოძღურება (V,3); მ) წინამორბედი, მოწაფე, მადლით სახიერყოფილი (VI,1); ნ) ქა¬და¬გი, მახარებელი, მღდელი (VI,2); ო) განწმენდა, განათლება, სრულყოფა (VI,3); პ) ანგე¬ლოზთა 9 დასი: I ტრიადა - საყდარნი, ქერობინნი, სერაბინნი (VII,1), II ტრიადა - უფლებანი, ძალნი, ჴელმწიფებანი (VII,2), III ტრიადა - მთავრობანი, მთავარანგელოზნი, ანგელოზნი (VII,3); ჟ) მზე, შარავანდედი, მცხინვარება (VIII,1); რ) წინასწარმეტყუელი, მოციქული, მოძღუარი (VIII,2); ს) სული, სამშჳნველი, ჴორცი (VIII,3); ტ) სიტყჳსა ჴმა, გონება, ჴორცი (IX,1); უ) წინასწარმეტყუელება, ღმრთისმეტყუელება, არსთა ცნობა (IX,2); ფ) მამა, ძე, სული (IX,3). საგალობელში ციტირებული და პერიფრაზირებულია გრიგოლ ნაზიანზელის, დიონისე არეოპაგელისა და იოანე დამასკელის თხზულებათა ქართული თარგმანები.
3. «გალობანი მწვალებელთა შეჩუენებისანი». საგალობელში ავტორი ანათემას გადას¬ცემს ყველა მწვალებელს, შვიდი ებრაული ერესით დაწყებული, ხატმებრძოლობით დასრულებული. ჰიმნოგრაფიული კანონის დაწერის იდეა ავტორს აღებული აქვს ექვთიმე ათონელის «მცირე სჯულისკანონიდან», რომლის კვალად საგალობელი უნდა შესრულებულიყო «პირველსა კჳრიაკესა წმიდათა მარხვათასა» - მართლმადიდებლობის ზეიმის დღესასწაულზე. გარდა ამისა, «მცირე სჯულისკანონის» ტექსტს ემყარება ჰიმნოგრაფიულ კანონში ხატმებრძოლთა და მონოთელიტთა ანათემატიზმები.
ჰიმნოგრაფიული კანონის ძირითადი ლიტერატურული წყაროა გიორგი ამარტოლის «ხრონოგრაფის» ქართული თარ¬გმა¬ნი: ჰიმნოგრაფი მისგან იღებს არა მარ¬ტო ისტორიულ-ქრონოლოგიურ პროგრამას, არამედ ცალკეულ მწვალებელთა დახასიათებას. I.3-4 დასდებლების თითქმის ყველა სიტყვა «სამოციქულოს განმარტების» ეფრემ მცირისეული თარგმანიდან მომდინარეობს. სრულიად ლოგიკურია, რომ ტბელ აბუსერისძეს საგალობელზე მუშაობის დროს უხელმძღვანელია არსენ ვაჩესძის «დოგმატიკონში» შემავალი თხზულებებით. ჰიმნოგრაფიულ კანონში ზოგიერთი მწვალებლისა და ერესის შესახებ ინფორმაცია ერთდროულად რამდენიმე ლიტერატურული წყაროდან მომდინარეობს. ასეთია, მაგალითად, ორიგენისადმი მიძღვნილი მონაკვეთი (III.2-4). ამგვარად, საგალობელი შეესაბამება ტბელ აბუსერისძის შემოქმედების საერთო ხასიათს, მისთვის დამახასიათებელ «ციტატურ აზროვნებას».
4. «გალობანი წმიდისა ღმრთისმშობელისანი სარწმუნოებისათჳს მართლისა». ქარ¬თუ¬ლი ჰიმნოგრაფიის ისტორიაში ტბელ აბუსერისძე არის ერთადერთი ავტორი, რომელიც ჰიმნო¬გრა-ფიულ კანონს სამეცნიერო-პედაგოგიური მიზნებით იყენებდა. ამგვარი მიზანდასა¬ხუ¬ლო¬ბისაა მისი საგალობლები: «გალობანი მწვალებელთა შეჩუენებისანი» - ანტიერეტიკული შინაარსის სამეცნიერო გამოკვლევა და «გალობანი წმიდისა ღმრთისმშობელისანი სარწმუნო¬ები¬სათჳს მართლისა» - ქრისტოლოგიური შინაარსის სახელმძღვანელო. ასეთივე სახელ¬მ¬ძ¬ღ¬ვა¬¬ნელოს ფუნქცია აკისრია აგრეთვე «სამთა იოვანეთა» საგალობელს, რომელშიც ტბელ აბუსერისძე გადმოგვცემს ტრიადოლო¬გიურ მოძღვრებას.
გარდა ამისა, «გალობანი წმიდისა ღმრთისმშობელისანი სარწმუნოებისათჳს მართ¬ლისა» და «გალობანი მწვალებელთა შეჩუენებისანი» ერთიან თემატურ ციკლს ქმნიან. ეს ორი საგალო¬ბელი ჩაფიქრებულია, როგორც დოგმატიკისა და პოლემიკის მოკლე სახელ¬მძღვა¬ნელოები, რომლებიც, ადვილად დამახსოვრების მიზნით, დაწერილია ლექსის სახით.
საგალობელი ემყარება იოანე დამასკელის «გარდამოცემის» ორივე ქართულ თარგმანს, რომელთა ავტორები არიან ეფრემ მცირე და არსენ იყალთოელი.
5. «ქრონიკონი სრული მისითა საუწყებელითა განგებითა» სასწავლო სახელმძღვანე¬ლოა, რომელსაც ძველქართული პედაგოგიური ლიტერატურის ძეგლებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია. ნაშრომზე დართული ორი ცხრილი: «სრული ქრონიკონი» (დიდი ინდიქტიონი - 532-წლიანი ციკლი) და «ასურული კჳკლოსი» (ასურული ციკლი - მოკლე, კომპაქტური პასქალური ცხრილი) თვალსაჩინოების ფუნქციას ასრულებს. წეს-ფორმულების მშრალი დეკლარირების ნაცვლად, რომელიც ასე დამახასიათებელია შუა საუკუნეების სასწავლო ლიტერატუ¬რისა¬თ¬ვის, ტბელ აბუსერისძე მოსწავლე¬ებს სთავაზობს მასალის შეგნებულად ათვისების საშუალებას და წარმოაჩენს ფაქტებს შორის არსებულ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს. «ქრონიკონს» აქვს აშკარად გამოკვეთილი მათემატიკური ორიენტაცია, რითაც ის თვალსაჩინოდ გამოირჩევა ყველა ცნობილი ქართული საბუნებისმეტყველო-სამეცნიერო შინაარსის ნაშრომისაგან. ტექსტში მოყვანილი ფორმულების რაოდენობა სამ ათეულს აჭარბებს, ამიტომ რ. ჩაგუნავა სამართლიანად აღნიშნავს, რომ თხზულების დარგობრივი პროფილის დადგენისას ყველაზე უფრო ზუსტად მას მათემატიკურ-კალენდარული შრომის კვალიფიკაცია მიესადაგება. 
ტბელ აბუსერისძე თავისი «ქრონიკონით» ქართული ასტრონომიული და მათემა¬ტიკური მეცნიერების სათავეებთან დგას. ნაშრომის მე-10 თავი პასუხს სცემს კითხვაზე, თუ რატომ ემთხვევა ბერძენთა და ქართველთა მარხვა ერთმანეთს მაშინ, როცა ბერძნული წელთაღრიცხვა 96 წლით ჩამორჩება ქართულს (ბერძნები დასაბამიდან ქრისტეს შობამდე 5508 წელს ანგარიშობენ, ხოლო ქართველები - 5604 წელს). ამ განსხვავების მიზეზთა მეცნიერული ახსნა ტბელ აბუსერისძემდე არავის უცდია: «თჳნიერ კჳრვებისა, განსამარტებელი აღარაჲ დაწერეს სათუალაობისა უმეტესობასა შინა» - წერს ის. წინამორბედი მოღვაწეებისაგან განსხვავებით, რომლებსაც «სისულელისა ჩუენისა გასაგონებელად საჭირო უჩნდათ» წელთაღრიცხვებს შორის სხვაობა¬ზე საუბარი, ტბელ აბუსერისძემ შეძლო ამ პრობლემის მეცნიერული ახსნა. 
«ქრონიკონი» გვიჩვენებს, რომ სომხურ-ქართული საეკლესიო განხეთქილების შემდეგ (VII საუკუნის პირველი ნახევარი) ქართულ საეკლე¬სიო-ლიტურგიკულ კალენდარში შეტანილი ცვლილებები (5604-წლიანი ერის შემოღება და პასქალიის ორიენტირება «ხარება-შჳდეულზე») თავიდანვე ღრმად იყო გააზრებული ქართველი მოღვაწეების მიერ, როგორც კალენდარულ-მათემატიკური, ისე საღვთისმეტყველო (დოგმატურ-პოლემიკური) თვალსაზრისით. 
ამგვარია ტბელ აბუსერისძის, როგორც მწერლის, ღვთისმეტყველის, მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის შემოქმედებითი და სააზროვნო ინტერესები.

კატეგორია: დიდი ქართველი მწერლები და მოღვაწეები | ნანახია: 735 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013