თბილისი (ისტორია) - 7 ნოემბერში 2012 - ისტორია-HISTORY
შაბათი, 2016-12-10, 9:54 AM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 7 » თბილისი (ისტორია)
4:43 PM
თბილისი (ისტორია)

ცხოვრების კვალი თბილისში უკვე რამდენიმე ათასი წლის წინ ჩანს, მაგრამ ციხე აქ მხოლოდ IV საუკუნეში გაჩნდა. მას მეტად მარჯვე ადგილი ეკავა ქვეყნის შუაზე გამავალი მდინარის ვიწრო ხეობაში. გამაგრებულ ქალაქს შეეძლო ჩაეკეტა აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან მომავალი გზები და თან მცხეთის მისადგომებიც დაეცვა. ქალაქის პირველი მოსახლეობა გაჩენილა იქ, სადაც დღეს გოგირდის აბანოებია და მისი სახელწოდებაც ამ თბილი წყლებისგან წარმოსდგება. ციხე კალაც ამავე მიდამოებში გაშენდა. მას ქალაქის ჩრდილო-დასავლეთის ნაწილი ეჭირა და ქალაქისაგან წავკისის წყალი გამოჰყოფდა. შემდეგში თბილისის ციხემ და თვით ქალაქმა მრავალი ცვლილება განიცადა. იგი არა ერთხელ გამხდარა შემოსეული მტრის თავდასხმისა და აწიოკების მსხვერპლი, მაგრამ, დედაქალაქი არ ძაბუნდებოდა, ფენიქსივით ხელახლა აღსდგებოდა, ხოლმე.
სატახტო ქალაქად თბილისი ვახტანგ გორგასალმა აქცია. მანვე დაიწყო შესაფერისი გალავნის შემოვლებაც. VI საუკუნის დასაწყისში ეს საქმე მისმა მემკვიდრემ დაჩიმ „განასრულა’’ და ,,ვითა ებრძანა ვახტანგს, იგი შექმნა სახლად სამეუფოდა"... იმავე ხანებში აქ იგება სიონის საეპისკოპოსო ტაძარი, ანჩისხატი და სხვ.
VII საუკუნის პირვვლ ნახვვარში თბილისი რომ კარგად გამაგრებული ქალაქი ყოფილა, ამას ერთ-ერთი ბრძოლის აღწერაც მოწმობს. სპარსეთის წინაადმდეგ წამოსულმა ბიზანტიის კეისარმა ჰერაკლემ ხაზარები მოიშველია, გადმოიყვანა ისინი ჯიბდუ ხაკანის მეთაურობით და შეერთებული ძალებით თბილისის აღება სცადა, მრავალი საშუალება იხმარეს, კედლის სანგრევი მანქანებიც გამოიყენეს, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს. ციხის მცველები მაინც არ ნებდებოდნენ, დანგრეულ კედლებს აღადგენდნენ და დაცვას განაგრძობდნენ. მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, დროებით ალყა მოეხსნათ და შეესვენათ. ეს რომ მეციხოვნეებმა შეიტყვეს, უფრო გათამამდნენ. გოგრაზე დახატულ ჯიბდუს სახეს კედლიდან აჩვენებდნენ, ჩხვლვტდნენ მას და თან ასე დასძახოდნენ. „აი, თქვენი ხელმწიფე, თაყვანი ეცით მას, ეს ჯიბდუ ხაკანიაო!’’ ასევე დასცინოდნენ კეისარსაც: „თქვენს მეფეს თხის წვერი ასხია და ვაცის კისერი აქვსო’’. მეციხოვნეთა ასეთმა საქციელმა მეტად გააბრაზა მტერი და გადაწყვიტეს მცხოვრებნი სასტიკად დაესაჯათ. მაგრამ მხოლოდ მეორე წელს, ისიც ორი თვის ალყის შემდეგ, შეძლო ჯიბდუ ხაკანის შვილმა ქალაქის აღება. გამძვინვარებულმა სისხლის გუბეები დააყენა ქალაქში და ბევრი შენობა დაანგრია. ეს მოხდა 627 წელს.
ამ ამბიდან საყურადღებოა ის, რომ ქალაქის ციხის კედლებს გაუძლია კეისრისა და ხაზარების შეერთებული ჯარის მძლავრი შემოტევისათვის.
არაბთა ბატონობის ხანაში თბილისი ამირას საჯდომი ქალაქია. საქართველო არ ურიგდებოდა თავისუფლების დაკარგვას და ცდილობდა როგორმე თავიდან მოეცილებინა დამპყრობლები. ასეთი ურჩობისათვის არაბთა ხალიფამ ქვვყნის სასტიკი დასჯა განიზრახა. დამსჯელ ლაშქარს სათავიეში ედგა ცნობილი სარდალი მურვან-ყრუ, რომელმაც არმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო ისე ააოხრა, რომ მემატიანის ცნობით, არც ნაშენები რამე დარჩენილა და არც საჭმელი. მურვან-ყრუს 736-738 წლების შემოსევის მსხვერპლი გახდა თბილისიც.
მორიგი დიდი შემოტევა თბილისმა 853 წელს, ბუღა-თურქის ლაშქრობის დროს განიცადა. ეს ისევ დამსჯელი ლაშქრობა იყო, მაგრამ მიმართული უკვე ხალიფასაგან გამდგარი თბილისის ამირების წინააღმდეგ.
თბილისის იმდროინდელმა ამირამ, საჰაკმა მტკიცე წინააღმდეგობა გაუწია მომხდურთ, მაგრამ იძულებული გახდა თავი მაინც დამარცხებულად ეცნო. გაქცევის ცდის დროს იგი შეიპყრეს და მიჰგვარეს ბუდას. საჰაკს თავი მოჰკვეთეს, გადამწვარი და განადგურებული თბილისი კი დიდხანს ვეღარ გაიმართა წელში.
თავისი არსებობის მანძილზე თბილისმა მრავალი ნგრევა განიცადა; ამიტომაც არც ერთ ძველ ნაგებობას თავდაპირველი სახით დღემდე არ მოუღწევია. ირკვევა, რომ VI-VII საუკუნეებისათვის თბილისი სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგებოდა: მთავარ ნაწილს თვით ქალაქი წარმოადგენდა, მეორე იყო ქალაქის ციხე-სიმაგრე, რომელსაც კალას უწოდებდნენ და მესამე - სოღდებილი, ანუ შემდეგდროინდელი ავლაბარი. მდინარის ორივე მხარეს განლაგებული ქალაქი მეტეხის ეკლესიასთან ერთმანეთს ხიდით უერთდებოდა.
ძველი ნაგებობებიდან მრავალგზისი გადაკეთებით დღემდე მოაღწია სიონის გუმბათოვანმა ტაძარმა, რომელიც VI-VII საუკუნეთა მიჯნაზეა აგებული და ანჩისხატის ეკლესიამ, რომელსაც ,,ზარის ეკლესია" ერქვა.
ქალაქის თავდაპირველი გალავანი ქვისაგან ყოფილა ნაგები, მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, ის შეეწირა ირანელებისა და ბიზანტიელების წინააღმდეგ ბრძოლებს. VIII-IX საუკუნეებში კი ციხე-კოშკებისა და საცხოვრებელი სადგომების უმრავლესობა ხით ყოფილა ნაგები. არაბების მიერ ამ ნაგებობათა გადაწვის შემდეგ ქალაქისათვის ალიზის ორმაგი გალავანი შემოუვლიათ. თბილისის უძველეს ციხეს, რომელიც სოლოლაკის ქედზეა შემორჩენილი, "შურის ციხე" ეწოდებოდა. მოგვიანებით შემოსულმა მონღოლებმა მას "ნარინ ქალა" ("მცირე ციხესიმაგრე") დაარქვეს. ნარიყალას ციხე VII საუკუნეში და მოგვიანებით დავით აღმაშენებლის მიერ (1089-1125) მნიშვნელოვნად გაფართოვდა. იგი ციხე კალას ციტადელს წარმოადგენდა. ციხე-სიმაგრე გალავნის ორი სექციისგან შედგება, რომელიც ციცაბო ამაღლებაზე მდებარეობს გოგირდის აბანოებსა და ბოტანიკურ ბაღს შორის. დღემდე მოღწეული ძირითადი გამაგრებები XVI და XVII საუკუნეებით თარიღდება. 1827 წელს ციხის გალავნის დიდი ნაწილი მიწისძვრამ დააზიანა და დაანგრია. X საუკუნეში ქალაქს ხუთი კარი უნდა ჰქონოდა, რომლებიც ქალაქში შემომავალ გზებს ჰკვტავდა და ქალაქის უშიშრობას სდარაჯობდა. ჭიშკრის ორივე მხარეს მდგარ კოშკებში ყოველთვის იდგა მცველი რაზმი.
თბილისისათვის საუკუნეთა განმავლობაში დაუცხრომელი ბრძოლა მხოლოდ დავით აღმაშენებელმა დააგვირგვინა გამარჯვებით 1122 წელს. ოთხასი წლის განმავლობაში აქ უცხოელთა ბატონობის შემდეგ, მეფემ თბილისი ერთიან საქართველოს შემოუერთა და თავის შთამომავალთ საქართველოს დედაქალაქად დაუმკვიდრა.
საქართველოს დედაქალაქად თბილისის გახდომის შემდეგ ამ უკანასკნელის ტერიტორია საკმაოდ გაზრდილა და სიმაგრეთა სისტემაც შეცვლილა. ამის თაობაზე რამდენიმე მოკლე ცნობა გვაქვს მატიანეების ფურცლებზე. ვენეციელი მოგზაური მარკო პოლოც ლაპარაკობს XIII საუკუნის თბილისის ,,მრავალი ციხე-სიმაგრის” შესახებ. იმავე საუკუნის დამდეგს შედგენილი, სპარსულად დაწერილი ,,სამყაროს საკვირეელებანის" უცნობი ავტორი კი წერს: ,,თბილისი - ეს დიდი, გამაგრებული ქალაქია, რომელიც ძნელად მისადგომ ხევშია გაშენებული. მდინარეზე, ქალაქის პირდაპირ, არის კარგად ნაგები ციხე. ცისეში აუშენებიათ მეფეთა სასახლეები და მრავალი საყარაულო კოშკები".
ამას გარდა, თბილისში მრავალი სასახლე, ქარვასლა და სხვა ნაგებობა იყო. კულტურის მაღალ დონეზე მიუთითებს ისიც, რომ იმ დროს ქალაქში არსებულა 65 აბანო, სადაც მომსახურება უფასო ყოფილა.
ეს დიდი, ძლიერი და მდიდარი ქალაქი 1226 წელს ხვარაზმელთა შემოტევის ობიექტი გახდა. ამ მაჰმადიანთა უთვალავ ლაშქარსაც გაუჭირდა ქალაქის პირდაპირ აღება. მცველთა წინაადმდეგობის დაძლევა შესაძლებელი შეიქნა მხოლოდ შინაგამცემ მაჰმადიანთა წყალობით. ჯალალედინმა მოსპო მოსახლეობა, გაძარცვა და გაანადგურა ქალაქი. დიდი ხანია თბილისს ასეთი სასტიკი განადგურება არ განეცადა.
ის, რაც ჯალალედინის ლაშქრობას გადაურჩა, ათეული წლების განმავლობაში ნადგურდებოდა მონღოლ დამპყრობთა მიერ. ამ შავბნელ ხანაში იშვიათად თუ აგებდნენ თვალსაჩინო ნაგებობებს. ასეთი ნაგებობებიდან აღსანიშნავია დღემდე შემორჩენილი მეტეხის ტაძარი, რომელიც აგებულია XIII საუკუნის 80-იან წლებში დემეტრე თავდადებულის დროს.
ერთგვარი მოღონიერების გზას ადგება თბილისი გიორგი ბრწყინვალის დროს, XIV საუკუნის პირველ ნახევარში, მაგრამ ასეთი სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელებულა.
იმავე საუკუნის ბოლოს საქართეელოს მანამდე გაუგონარი უბედურება დაატედა თავს: რვაჯერ შემოესია თემურ-ლენგი. მან მოაოხრა ქალაქები და სოფლები, გადაწვა, გაჩეხა და გაანადგურა ნათესები. ამ ხნიდან ჩნდება ქართულ სიტყვათა ლექსიკაში ისეთი ცნებები, როგორიცაა: ნაქალაქარი, ნასოფლარი, ნასახლარი, ნაფუძარი და მრავალი სხვა.
საქართველოს ქალაქთა შორის მთავარ და ყველაზე სასტიკ დარტყმებს კვლავ თბილისი იღებდა. თბილისი უომრად არასოდეს არ ჩაბარებია მტერს. თემურ-ლენგის ურიცხვ ჯარს კედლის სანგრევი მანქანებითა და ხანგრძლივი ალყის შემდეგ თუ მოუხერხებია შესულიყო ქალაქში, შური ეძია მოსახლეობაზე და ნაცარტუტად ექცია ყველაფერი.
XV საუკუნის პირველ ნახევარში თბილისის აღდგენაზე დიდი დრო და ენერგია დაუხარჯავს ალექსანდრე დიდს.
XV საუკუნის მეორე ნახევრიდან, საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის ხანაში, თბილისი მხოლოდ ქართლის ცენტრადღა რჩებოდა. ამავე პერიოდიდან მოყოლებული, XVIII საუკუნის ბოლომდე, საქართველოს და, მაშასადამე, თბილისსაც ორი დაუძინებელი მტერი გამოუჩნდა სპარსეთისა და ოსმალეთის სახით. არა ერთხელ განუცდია თბილისს მათი ჭარბი ძალების თავდასხმა.
ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა - ოსმალეთისა და სპარსეთის სამეფო ტახტზე იცვლებოდნენ სულთნები და შაჰები თბილისისათვის ერთმანეთს შორის ქიშპობას კი ბოლო არ ეღებოდა. ეს ორი დამპყრობი სისხლისმღვრელ ბრძოლებს აწარმოებდა ერთმანეთის წინაადმღეგ და საზავო პირობების შედგენისას საქართველოს და, მაშასადამე, თბილისსაც ისე ინაწილებდნენ, რომ ქართველ მეფეებს არც ეკითხებოდნენ.
XVII საუკუნის შუა ხანებში, დროებითი სიმშვიდის დროს ქალაქი ერთგვარად ისევ აშენებულა, მაგრამ სადღა იყო ძველი სიდიადე! მიუხედავად ამისა, ფრანგ მოგზაურ შარდენს, რომელსაც 1671 წელს უნახავს თბილისი, ძალიან მოსწონებია იგი. თბილისი აღმოსავლეთის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქიაო, - წერდა იგი. მისივე თქმით, ქალაქს მაღალი კედლები შემოუყვებოდა თურმე. XVIII საუკუნის შუა ხანებში, კვრძოდ, 1762 წლიდან, ერეკლე მეორის მეფობაში, თბილისი ქართლ-კახეთის სამეფოს დედაქალაქი ხდება. ჯერ კიდევ 1748 წელს ერეკლემ ყიზილბაშებისაგან გაანთავისუფლა ქალაქი და ამის შემდეგ თბილისს დიდხანს აღარ უნახავს უცხოელი დამპყრობლები. იგი თანდათან აშენდა, განმტკიცდა და გამშვენიერდა; დაიბრუნა არა მარტო ქართლ-კახეთის, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიის ცენტრის როლი.
ამ აყვავების ხანაში ქალაქს უდიდესი უბედურება დაატყდა თავს: 1795 წელს ირანის შაჰმა აღა-მაჰმად-ხანმა თბილისი აიღო, დაანგრია და გადაწვა. ამ დროს დაიღუპა არა მარტო რიგითი შენობები, არამედ სასახლეები და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობები.
შვიდ დღეს გაგრძელდა მტრის გაუკითხავი პარპაში ქალაქში. ვინც სიკვდილს გადაურჩა, ტყვედ იქნა წაყვანილი.
შეიძლება ითქვას, რომ ასეთი უბედურება თბილისს ჯალალედინის შემოსევის დროსაც კი არ დამართნია. აყვავებული ქალაქი ნაცარტუტად იქცა.
აღა-მაჰმად-ხანის ლაშქარი იყო უკანასკნელი, რომლის თავდასხამაც თბილისმა განიცადა.
რადგანაც ჩვენ საშუალება არა გვაქვს დღევანდელი თბილისი მიხვდვით წარმოვიდგინოთ მისი ძველი სახე, მივმართავთ ისტორიკოსს ვახუშტი ბაგრატიონს, რომელმაც დაგვიტოვა XVIII საუკუნის პირველი ნახევრის ქალაქის გეგმა და აღწერილობა.
ვახუშტი ქალაქს ძირითაღად სამ ნაწილად წარმოგვიდგენს: პირველია კალა, მეორე სეიდაბადი და მესამე - ისანი. ქალაქის თავდაპირველი ნაწილი კალა გაიზარდა და მან მრავალჯერ იცვალა სახე, მაგრამ იგი მაინც მთავარი იყო ფეოდალური ქალაქისათვის. მას გარს უვლიდა გალავანი, რომელსაც ექვსი ჭიშკარი ჰქონდა. კალას სამხრეთის კედელი იწყებოდა ციტადელიდან (ნარიყალადან), მისდევდა ქედს და მთავრდებოდა ციხით, რომელსაც ,,შაჰის ტახტს" უწოდებენ.
აქედან ჩრდილოეთისაკენ მიემართებოდა კედელი და გადიოდა დაახლოებით დღევანდელი პუშკინის ქუჩაზე. შემდეგ უხვევდა და ახლანდელ ბარათაშვილის ხიდის მიდამოებში მტკვარს ებჯინებოდა. ამ ადგილას კედელი მდინარეს მიუყვებოდა და დღევანდელ ვახტანგ გორგასლის მოედანთან (მაშინდელი ციხის მოედანი) უერთდებოდა წავკისის-წყლის (დაბა-ხანის) გაყოლებით აღმა, ბოტანიკური ბაღისაკენ მიმავალ კედელს.
ქალაქის მეორე ნაწილს სეიდაბადი, ანუ ტფილისი ერქვა. იგი კალას სამხრეთ-აღმოსავლეთით ეკვროდა და დღევანდელი ბალნეოლოგიური აბანოების მიდამოები ეკავა. ამ უბანსაც კედელი შემოზრუდავდა. მესამე ნაწილი ისანი იყო (დღევანდელი ავლაბარი. ეს სახელი მას XIV საუკუნიდან შეერქვა. სიტყვა "ავლაბარი" არაბული წარმოშობისაა და ნიშნავს სასახლის მიდამოს). იგი მდებარეობდა მტკვრის მარცხენა მხარეს. აქ, მეტეხის ტაძართან ერთად, სხვადასხვა დროის სასახლეები იდგა. კედელი და თხრილი მასაც შემოუყვებოდა. მისი ადრეფეოდალური ხანის ნაშთი ახლაცაა შემორჩენილი.
თბილისის სასახლეებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ამიტომ ვალაპარაკებთ ისევ ვახუშტის. მისი თქმით "მეფემან ვახტანგ აღაშენა სახლი მშვენიერი, სრულიად სარკითა და მოოქროვილი, დიდმხატვრობითა, ლაჟვარდითა და მარმარილოს კედლითა". ეს იყო XVIII საუკუნის დასაწყისის სასახლე. 
1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ თბილისი ახლად წარმოქმნილი საქართველოს გუბერნიის ცენტრი გახდა, აქვე იყო კავკასიის არმიის მთავარსარდლის სადგომი. 1845 წლიდან თბილისი კავკასიაში რუსეთის მეფინაცვლის რეზიდენციაა. ქალაქის ტერიტორია საგრძნობლად გაიზარდა. დაგეგმარდა მისი ცენტრალური უბნები, იმატა ევროპული ტიპის შენობების რაოდენობამ. სწრაფად განვითარდა ქალაქის სამეურნეო და კულტურული ცხოვრება.
კატეგორია: საქართველოს შესახებ | ნანახია: 259 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013